ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს შსს-ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს


თავდაცვის და შსს-ს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მის დაკავებას აპროტესტებენ. 15 ნოემბერი, 2012 წ.

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებ გვერდზე

ავტორი: ნინო ხარაძე,
რადიო თავისუფლება, თბილისი
16 ნოემბერი, 2012

სამართალდამცველებმა წუხელ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დილიძემ განუცხადა, პროკურატურის წარმომადგენლები მერიაში ღამის 12:00 საათზე მივიდნენ.

„ჩვენთვის მათი მოსვლა მოულოდნელი იყო, რადგან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ღამის 12:00 საათზე მოვიდნენ. თავდაპირველად ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდით, რის შემდეგაც უკვე შოთა ხიზანიშვილის კაბინეტის ჩხრეკა ითხოვეს, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე რაც ვიცით, წაღებულია პროცესორი," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მერიის პრესსპიკერის განმარტებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.

„არავითარი დოკუმენტი არ დაუტოვებიათ, მაგრამ ჩვენ ძალით წინააღმდეგობას არ გავუწევდით. მზად ვართ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლოთ, თუმცა, ადეკვატურ ზომებს ვითხოვთ მათგანაც," - აღნიშნა თბილისის მერიის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში სამუშაო კაბინეტის ჩხრეკის პარალელურად სამართალდამცველებმა წუხელ შოთა ხიზანიშვილის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ჩხრეკას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ორივე შემთხვევაში სამართალდამცველებმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს, რომლებიც გუშინ დილით დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატებმა განუცხადეს, მათთვის ბრალის წაყენების კონკრეტული დრო ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა კანონით გათვალისწინებული 48-საათიანი ვადა დღეს იწურება.

ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული 10 პირი თავდაპირველად თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მათი ნაწილი, იმის გამო, რომ იზოლატორში ადგილები აღარ იყო, მოდულის შენობაში მოათავსეს. მათ შორის მოდულშია თბილისის კუდ-ის უფროსი გიორგი ყავლაშვილი.

ადვოკატების ინფორმაციით, კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა ე.წ. დიღმის იზოლატორში დატოვეს.

ამასთან, გუშინ საღამოს კიდევ ორი პირი დააკავეს, მათ შორის - ვიცე-მერი და შს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი, ასევე კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ დაკავებულ პირთა სია გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:
  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;
  2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;
  3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;
  4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;
  5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;
  6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;
  7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;
  8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;
  9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;
  10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;
  11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;
  12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დანიშნულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ბრიფინგის შემდეგ მთავარი პროკურატურა გაასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს, რაც აღნიშნული პირების დაკავების საფუძველი გახდა.

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებ გვერდზე მისამართზე: http://www.radiotavisupleba.ge/content/dakavebebi/24772679.html
XS
SM
MD
LG