ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნა


აშშ-მა ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნა

სტრატეგია აშშ-ს არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალებისა და საზღვაო ქვეითების ფუნქციებს განსაზღვრავს

სამშაბათს პირველად ექვსი წლის მანძილზე შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოუწოდებს ისეთი სამხედრო ძალების შექმნისკენ, რომელიც აზიის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული რადგან სწორედ ამ რეგიონში ეკონომიკური და სამხედრო ძალების კონცენტრაცია იზრდება და სტრატეგიული ვითარება სწრაფად იცვლება. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ალ პესინმა პენტაგონის სტრატეგიის ერთ-ერთ ავტორს ინტერვიუ ჩამოართვა.

დღევანდელი მსოფლიოს უსაფრთხოებას გამოწვევებით აღსავსე და ცვალებადი ვითარება ახასიათებს, რომელიც შეერთებული შტატების სარდლობისგან გაძლიერებულ ლიდერობას მოითხოვს. ამგვარი მიდგომა როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო ძალის გამოყენებასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობას შეიცავს, აღნიშნულია შეერთებული შტატების ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში.

ამერიკის უმაღლესი სარდლობის მიერ გამოქვეყნებული 21-ფურცლიანი დოკუმენტი თეთრი სახლისა და პენტაგონის სამოქალაქო ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს ეფუძნება. სამხედრო სტრატეგია შეერთებული შტატების არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალებისა და საზღვაო ქვეითების ფუნქციებს განსაზღვრავს.

პენტაგონის სტრატეგიისა და პოლიტიკის ოფისის წარმომადგენელი ადმირალი ჯონ რობერტი აღნიშნავს, რომ ახალ სტრატეგიაში აზიის რეგიონს დიდი ყურადღება ეთმობა იმის გამო, რომ გლობალური ეკონომიკა სწორედ ამ რეგიონის მიმართულებით იხრება. ამას გარდა აზიის რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით აღმავალი სახელმწიფოები გამოჩნდა და პოლიტიკური ცვლილებები შეინიშნება.

„სამხედრო ძალებმა ისეთი პოზიცია უნდა დაიკავონ, რომელიც მოსალოდნელი რისკის მოგერიებას შესაძლებელს გახდის,“ - აღნიშნა ადმირალმა რობერტიმ.

სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას ჩინეთს უთმობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ჩინეთის მზარდი სამხედრო საშუალებების მოგერიებისთვის მზად უნდა იყვნენ. ჩინეთის სამხედრო საშუალებები გლობალურ სავაჭრო მარშრუტებს საფრთხეს უქმნის და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მოქმედებას ზღუდავს, აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენ აზიის რეგიონში ჩვენი თავდაცვითი პოზიცია ახლებურად უნდა შევაფასოთ. შევხედოთ იქ დისლოცირებულ სამხედრო რესურსებს, არსებულ პარტნიორობასა და მოკავშირე სახელმწიფოებს, რათა ამ რეგიონში უსაფრთხოება შენარჩუნდეს. ვფიქრობ იმას თუ სად და რამდენი სამხედრო ძალები გვყავს ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას თუ რა შესაძლებლობა და რა პოზიცია გვიკავია ჩვენ რეგიონში,“ აღნიშნა რობერტიმ.

გლობალური სტრატეგიული ვითარების სხვა გამოწვევებში აგრეთვე ნახსენებია ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, გლობალიზაცია, ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატის ცვლილება, კიბერ დანაშაული, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა, პანდემიური დაავადებების გავრცელება, სავაჭრო დისპუტები და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობა.

XS
SM
MD
LG