ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური პერსპექტივა


ავღანური პერსპექტივა

სულ მალე ავღანეთში კოალიცის ძალების სარდალი დევიდ პეტრეუსი თეთრ სახლს ჯარების გამოყვანის გეგმას წარუდგენს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი თქმით, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ამა წლის ივლისში უნდა დაიწყოს. ამავდროულად, პრეზიდენტმა ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, რითაც ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზარდა. პენტაგონში შიშობენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა მყიფე აღმოჩნდეს. გენერალ-ლეიტენანტი დევიდ როდრიგესი ავღანეთში ამერიკის სამხედრო ძალების სარდლის მოადგილეა.

„მე ვშიშობ ამ შემცირების გამო, რაც შესაძლოა არ იყოს შესაბამისობაში ავღანელების შესაძლებლობებთან. ან შესაძლოა ეს ისე სწრაფად მოხდეს, რომ არმიამ და პოლიციამ შეცდომები დაუშვან. თუკი ეს მოხდება, თალიბების დასაყრდენი მოსახლეობაში გაიზრდება,“ - ამბობს გენერალი როდრიგესი.

მისი თქმით, მთელი ავღანეთის მასშტაბით 284 ათასი სამხედრო და პოლიციელია გაწვრთნილი. ეს 2009 წლის შემდეგ 50 პროცენტიანი ზრდაა.

როდესაც საერთაშორისო კოალიცია ავღანეთის ძალებს წვრთნიდა, ძალადობა არ შენელებულა. თალიბანმა რამდენიმე ძლიერი შეტევა განახორციელა. გენერალ როდრიგესის თქმით, ამ იერიშების მიზანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაშინება და რწმენის გატეხვა იყო.

„ჩვენ ვაპირებთ რეალურად მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენს ავღანელ პარტნიორებზე, რათა ხელი შევუშალოთ ამ საშინელ იერიშებს, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ავღანელი ხალხის რწმენას და თვითდაჯერებას,“ - აცხადებს გენერალი როდრიგესი.

შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანა 2014 წლისთვის სრულად უნდა დამთავრდეს. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, მოკავშირეებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ რა ვითარება იქნება რეგიონში ამ დროისთვის, ავღანეთის სამეზობლოში, კერძოდ კი პაკისტანში.

გადამდგარი გენერალი დევიდ ბარნო ავღანეთში მსახურობდა. ამჟამად ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ანალიტიკოსია. მისი თქმით,2014 წლის შემდეგაც ავღანეთში აუცილებელი იქნება 25 დან 35 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცის დარჩენა, რათა გაგრძელდეს ალ-ყაიდასთან ბრძოლა და არ მოხდეს თალიბანის გაძლიერება.

„შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი პერიოდით, მცირე სამხედრო ყოფნა ესაჭიროება მსოფლიოს ამ ნაწილში. ეს იქნება შეუმცდარი გზავნილი, რომ ჩვენ ვაპირებთ ვალდებულების შენარჩუნებას,“ - აცხადებს ბარნო.

ავღანეთის ომს თეთრი სახლისთვის უდიდესი ეკონომიკურ მნიშვნელობაც გააჩნია. ამ დროისთვის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ყოფნა წელიწადში 100 მილიარდი დოლარი ჯდება. ქვეყნის ეკონომიკის რთული მდგომარეობის და ასევე ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის გამო, კონგრესის წევრები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაჩქარებას უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG