ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ავღანეთის ომისგან დაიქანცნენ


ამერიკელები ავღანეთის ომისგან დაიქანცნენ
ამერიკელები ავღანეთის ომისგან დაიქანცნენ

ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის მოსალოდნელი დაწყება წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს იმისა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ამერიკელების მხარდაჭერა ამ გაუთავებელი ომის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი ვაშინგტონიდან იუწყება, რომ ავღანეთის ომთან დაკავშირებულ დებატებში საზოგადოებრივი აზრის როლი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

როცა ბარაკ ობამა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, მან ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის პირობა დადო. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ობამა ერაყის ომის გაგრძელების წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა. ის ამომრჩევლებს აგრეთვე დაპირდა, რომ ავღანეთში თალიბ მეამბოხეებსა და ალ ყაიდას ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებას გააძლიერებდა.

2009 წლის მიწურულს პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო განცხადება ავღანეთში დამატებითი 30,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ მყისვე დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის უკმაყოფილება გამოიწვია.

ბოლო ორი წლის მანძილზე ავღანეთში მძვინვარე ომის მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა 64 პროცენტს მიაჩნია, რომ ავღანეთის ომის გაგრძელება არ ღირს. ნიშანდობლივია, რომ 2009 წელს ამ აზრს 44 პროცენტი იზიარებდა.

დემოკრატი კონგრესმენი ოჰაიოს შტატიდან დენის კუსინიჩი ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგება. იგი აგრეთვე ლიბიაში მიმდინარე ნატოს მისიის წინააღმდეგ გამოდის.

„ქვეყნის შიგნით მდგომარეობა სავალალოა, ჩვენ კი საზღვარგარეთ მტრებს ვეძებთ,“ განაცხადა კონგრესმენმა კუსინიჩმა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ავღანეთის ომით გამოწვეულმა საზოგადოებრივმა დაქანცულობამ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებში იჩინა თავი. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ ამ მწვავე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა:

„თუმცა მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ ჩვენი სამხედრო ძალები სხვა ქვეყნის ნაცვლად დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ომში არ უნდა ჩაერთონ. მხოლოდ ავღანელებს ძალუძთ ავღანეთის დამოუკიდებლობის მოპოვება თალიბებისგან,“ განაცხადა დებატების დროს მიტ რომნიმ.

რესპუბლიკური პარტიის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ახლახან ჩართულმა უტას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ჯონ ჰანტსმანმაც კი აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დააჩქაროს. ტელეარხ „ენ-ბი-სი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან კერძოდ აღნიშნა:

„ქვეყნის შიგნით ჩვენ ეროვნული აღმშენებლობა გვჭირდება. ქვეყნის საფუძველი დაუძლურდა. ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი სახლი წესრიგში მოვიყვანოთ.“

აღსანიშნავია, რომ ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტ ობამას პოპულარობის რეიტინგი ოდნავ გაიზარდა, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ისევ დავარდა იმის გამო, რომ ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა და მზარდი უმუშევრობა უფრო ადარდებთ.

XS
SM
MD
LG