ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეჟურნალისტების მკვლელმა 23 გვერდიანი მანიფესტი დატოვა


ABC ახალი ამბების მისამართით გაგზავნილ მანიფესტში, მკვლელმა დეტალურად ჩამოთვალა თავისი საქციელის გამომწვევი მიზეზები

პირმა, რომელსაც ოთხშაბათს, ორი ამერიკელი ტელეჟურნალისტის მოკვლა ბრალდება, ახალი ამბების ეროვნულ ქსელს 23 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, სადაც საკუთარ თავს, „ადამიანი - დენთის კასრი“ უწოდა.

ვესტერ ფლანაგანმა, ვირჯინიის სატელევიზიო სადგურის, WDBJ-ს ყოფილმა თანამშრომელმა, სადაც მოკლული ჟურნალისტები მუშაობდნენ, საკუთარ თავს ესროლა, როცა ვაშინგტონისკენ მიმავალ გზაზე მას პოლიცია დაუპირისპირდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ABC ახალი ამბების მისამართით გაგზავნილ მანიფესტში მკვლელმა დეტალურად ჩამოთვალა თავისი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჰომოსექსუალი და აფრო-ამერიკელი, დისკრიმინაციას განიცდიდა. 2013 წელს ის WDBJ-დან დაითხოვეს. 2000 წელს, მისი საქციელის შესახებ საჩივრების გამო, ის ფლორიდის ტელევიზიიდანაც დაითხოვეს.

სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონის აფრო-ამერიკულ ეკლესიაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ფლანაგანმა საკუთარი საქციელისთვის „გარდატეხის წერტილი“ უწოდა და დაწერა: „გარკვეული დროის განმავლობაში მე „ადამიანი - დენთის კასრი“ ვიყავი, რომელიც მხოლოდ აფეთქების წამს ელოდა!!!“.

მკვლელობის მომდევნო დილას, სადგურმა მსხვერპლთა მოსაგონებელი სიუჟეტები გადასცა. მოკლული, 24 წლის ჟურნალისტის, ალისონ პარკერის და 27 წლის ოპერატორის ადამ ვარდის მოსაგონებლად მათ ვებსაითზეც დიდი შავი ზოლი იყო გამოსახული.

XS
SM
MD
LG