ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარჩენების გონივრული გამოყენება


ამერიკაში ყოველწლიურად საკვები პროდუქტების დაახლოებით 40 პროცენტი ნაგავში იყრება

გრეგორი ჯონსი ვაშინგტონის ცენტრალურ სამზარეულოში დღეში 5 ათას ულუფას ამზადებს. აქ სადილი დედაქალაქის უსახლკარო და უქონელი მოსახლეობისთვის მზადდება.

მადლიერების დღისთვის დამზადებულ ინდაურის ტრადიციულ კერძს მოგვიანებით მოხალისეები ჩამოარიგებენ. გრეგს ძალიან უყვარს თავისი სამუშაო, ამან გადამარჩინაო, ამბობს. ყოფილმა ნარკომანმა კულინარული სასწავლებელი დაამთავრა და მას შემდეგ ნარკოტიკს არ გაკარებია.

„ყველაზე კარგი ის არის, რომ ღმერთისთვის მადლობის გადახდის საშუალება მომეცა.

მაიკ კურტენი, ორგანიზაციის შეფი მოხალისეების მადლიერია და ყვება, რომ მათი მუშაობის მთავარი პრინციპი უნარჩენო წარმოებაა:

არც საკვების გადაყრა გვაწყობს, არც დაუსაქმებელი ხალხის ყოლა და არც ნახევრად დაკეტილი სამზარეულოები ქალაქში“ .

ნარჩენების მასშტაბი მართლაც შოკისმომგვრელია. უახლესი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ყოველწლიურად 165 მილიარდამდე დოლარის ოდენობის საჭმელი ნაგავში იყრება. იყრება სახლებიდან, რესტორნებიდან და ფერმებიდან. და ეს მაშინ, როცა ამერიკაში ყოველი მეექვსე ბავშვი მშიერია, ამბობს ერთ-ერთი კვლევის ავტორი, დანა გენდერსი.

„ჩვენი ანგარიშით, ნარჩენების რაოდენობა 15 პროცენტით მაინც რომ შევამციროთ, მხოლოდ ამ ნაბიჯით 25 მილიონ ამერიკელს დავაპურებთ“.

ვაშინგტონის ცენტრალური სამზარეულო უკვე 25 წელია ამისთვის იბრძვის. მოხალისე მძღოლები მაღაზიებიდან, ფერმებიდან და რესტორნებიდან წამოღებულ პროდუქტს ვაშინგტონის ღარიბ უბნებში ყოველდღიურად არიგებენ.

ფერმერი კარლ ბრედი ამბობს, რომ 2 ტონა გოგრა მორჩა და ვეღარ ყიდის:

გადაყრას ვერ ვიტან. ცოტა მეტი შრომა მიწევს. ისე გამოდის, რომ ჩემთვის ეს უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გადაყრა. გოგრა უნდა დავკრიფო და დავაფასოო. სამაგიეროდ მინდვრებიც დასუფთავდება და მშიერი ხალხიც დაპურდება“.

დღეს ერთი ფერმერის მორჩენილი მოსავალი ხვალ ასობით ადამიანისთვის უფასო ცხელ სადილად იქცევა. მათ შორის დაბალშემოსავლიან უბნებში მდებარე საჯარო სკოლების გახანგრძლივებული კლასებიცაა, რომლებიც საღამომდე გრძელდება.

დენის ლესი ბავშვებთან მუშაობს.

ამ ბავშვების უმეტესობას სახლში ვახშამი არ ელოდება.

მაიკ კურტენი დღის ბოლოს მუშაობის შედეგებს აჯამებს. საკვების გადანაწილების ორგანიზებით ჩვენ მარტო მშიერ ადამიანებს კი არა, საკუთარ თანამშრომლებსაც ვეხმარებით. მათ არც ისე იოლი გზა აქვთ გავლილი და შიმშილიც არაერთხელ გამოუცდიათ, ამბობს მაიკი.
XS
SM
MD
LG