ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იარაღის ეროვნული ასოციაცია“ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა


ვაშინგტონის მახლობლად ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან არ წყდება საპროტესტო აქციები

შეერთებულ შტატებში იარაღით ვაჭრობის მთავარი ლობისტი ორგანიზაცია, „იარაღის ეროვნული ასოციაცია“, ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ საზოგადოების მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა.
ვაშინგტონის მახლობლად ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან არ წყდება საპროტესტო აქციები. საბრძოლო იარაღით პატარა ბავშვების მასობრივმა მკვლელობამ საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო და მძაფრი დებატები გამოიწვია შეერთებული შტატების ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
ყოველდღიურად ამერიკაში 34 ადამიანს კლავენ ცეცხლსასროლი იარაღით, რაც ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის აღშფოთებას იწვევს.
მისი თქმით:“ ეს სამარცხვინო და აღმაშფოთებელი ფაქტია, ჩვენ დაუნდობლად ვხოცავთ ერთმანეთს და ერთადერთი განვითარებული ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომლის მოქალაქეები ასე იქცევიან.“
მიუხედავად ამისა ამერიკის იარაღის ეროვნული ასოციაციის ავტორიტეტი და გავლენა ჯერაც შეურყეველია შეერთებულ შტატებში.
ამ ორგანიზაციაში 4 მილიონი ადამიანია გაწევრიანებული. ის ამერიკულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეორე მუხლის შესაბამისად მოქმედებს.
ქეთი ქაიელი “Sunlight Foundation”-ის რედაქტორია, რომელიც მთავრობის გამჭვირვალეობაზე და იარაღის ეროვნული ასოციაციის პოლიტიკურ კონტრიბუციებზე ამახვილებს ყურადღებას :“ ჩემი აზრით, იარაღის ეროვნული ასოციაციის სიძლიერე პირველ რიგში იმაშია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ ეშინიათ მისი გავლენის. ამ ორგანიზაციას ადვილად შეუძლია რომელიმე პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანია ჩაშალოს, რადგან დიდი გავლენა აქვს მათზე ვინც ამ კამპანიას აფინანსებს.“
თავად ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე კონსერვატორი ჯონ ფონდი კანონის გამკაცრებას მოითხოვს. მისი თქმით:“ უბედურება იმაშია, რომ კანონი არ მუშაობს. მასობრივი მკველობები ფსიქიურად დაავადებული ადამიანების მოწყობილია.“
ვირჯინიის შტატის სენატორი მარკ ვორნერი იარაღის დიდი მოყვარული და ეროვნული ასოციაციის საპატიო წევრია, მაგრამ კონექტიკუტში მომხდარმა სასაკალაომ მასზეც მოახდინა გავლენა:“ ამ ორგანიზაციის წევრობის მიუხედავად, ჩემთვის ნათელია, რომ ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, უნდა დავსხდეთ და რაღაც აკრძალვები დავაწესოთ.“
წარსულში იარაღის ეროვნული ასოციაცია ყოველთვის ახერხებდა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წევრების მხარდაჭერის მოპოვებას. მათი მეცადინეობით გაუქმდა 1994 წელს საბრძოლო იარაღის გაყიდვის აკრძალვაზე დაწესებული კანონი.
პრეზიდენტი ობამა ამ კანონის ამოქმედებას ითხოვს:“ ამგვარი ძალადობა ჩვენს საზოგადოებაზე საშინლად უარყოფითად მოქმედებს და ჩვენი ვალია არაფერი დავიშუროთ ამ მდგომარეობის შესაცვლელად.“
იარაღის ეროვნული ასოციაცია ამ ტრაგედიას საშინელ და უაზრო ხოცვა-ჟლეტას უწოდებს. ისინი საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მომავალში ამგვარი უბედურების თავიდან ასაცილებლად.
ქეთი ქაიელის განცხადებით, ახლად არჩეული კონგრესის წევრთა ნახევარზე მეტი ამ ორგანიზაციისგან დიდ ფინანსურ დახმარებას იღებს. მისი თქმით:“ პოლიტიკოსები თუ ამომრჩევლებს მოუსმენენ მაშინ დოლარები გვერდზე უნდა გადადონ, მაგრამ თუ ხალხის აზრი არ აინტერესებთ ამ შემთხევაში ისევ ფული გადაწყვეტს ყველაფერს.“
ჯერ-ჯერობით არავინ იცის სკოლაში მომხდარი უდანაშაულო ბავშვების მკლელობა შეიტანს თუ არა ამერიკელთა ცნობიერებაში გარდატეხას და მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ ქვეყანაში იარაღით ვაჭრობის სფეროში.
XS
SM
MD
LG