ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართალდამცავთა სრულყოფა მუდმივი პროცესია


ანალიტიკოსები ამერიკელი სამართალდამცავების მუშაობას აფასებენ

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტების განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდე შეერთებული შტატები ტერორიზმისგან უფრო მეტად დაცული გახდა. თუმცა, ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ექსპერტები მიუთითებენ მოქალაქეთა დაუცველობაზე ამგვარი ტრაგედიის დროს. ანალიტიკოსთა მოსაზრებებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი ეცნობოდა.
11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოქალაქეთა დაცვის მიზნით მრავალი პროექტი განხორციელდა. შედეგად ათობით თავდასხმის თუ ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა. ჯეიმს კარაფანო „ჰერითიჯის ფონდში“ უსაფრთხოების საკითხებს იკვლევს.
„ეს დაფუძნებულია კარგ სადაზვერვო ცნობებზე, აქტიურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებზე, იმ ადამიანთა აღმოჩენაზე, ვისაც განზრახული აქვს ძალადობა, ინფორმაციის განაწილებაზე და გაზიარებაზე მათ შესახებ და საბოლოო ჯამში ამ საფრთხის აღმოფხვრაზე,“ - ამბობს კარაფანო.
მისი თქმით, ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ფედერალურ ბიუროდან ანტიტერორისტული კომპონენტი ცალკე უწყებად - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, უსაფრთხოების დეპარტამენტი საკმაოდ დახელოვნებულია აეროპორტების და სასაზღვრო რაიონების დაცვაში. თუმცა, ბოსტონის ტერაქტმა დაადასტურა, თუ რამდენად ძნელია ასეთ სიტუაციაში მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსია.
„ვფიქრობ, უნდა დავუშვათ, რომ ასეთი თავდასხმები ზოგჯერ შესაძლოა მოხდეს. და ჩვენ ბოლო წლებში გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავდამსხმელებმა მიაღწიეს წარმატებას,“ - ამბობს ოჰანლონი.
ბოსტონამდე ყველაზე მსხვილი ტერაქტი ტეხასში ფორტ ჰუდის ბაზაზე 2009 წელს მოხდა, როდესაც არმიის მაიორმა ნიდალ ჰასანმა 13 ადამიანი მოკლა. როგორც გაირკვა მას ალ-ყაიდასთან ქონდა კავშირი. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც დაგეგმილი ტერაქტები არ განხორციელდა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოკლე ხანში რიჩარდ რეიდმა თვითმფრინავში ასაფეთქებელი სისტემის ამოქმედება ვერ შეძლო. 2009 წლის შობა დღეს კი უმარ ფარუქ აბდულმუთალაბიმ დეტროიტის რეისის აფეთქება ასევე წარუმატებლად სცადა. იმავე წელს, პოლიციამ ავღანელი იმიგრანტი ნაჯიბულა ზაზი დააპატიმრა. ის ნიუ-იორკში მეტროს აფეთქებას ცდილობდა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ისწავლეს თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანები საჯარო თავშეყრის ადგილებში თავდასხმის განხორციელებისგან. როგორც ანტიტერორსიტული უწყებების ხელმძღვანელები აცხადებენ, სამართალდამცავთა მუშაობის სრულყოფა მუდმივი პროცესია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG