ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეებს, შესაძლოა, რუსეთის საფრთხეების შესახებ არ აცნობონ


ამერიკის მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკვე დაკავებულნი არიან 2020 წლის არჩევნების უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ღონისძიებებით. თუმცა აქვე ამბობენ, რომ საზოგადოებას შესაძლოა არ მიეწოდოს სრული ინფორმაცია თავდასხმებისა და ჩარევების შესახებ.

დაზვერვისა და არჩევნების უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთს და სხვა, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ჯგუფებს კვლავ აქვთ განზრახვა, ჩაერიონ მომავალ არჩევნებში. რუსეთი კი შესაძლოა ხედავდეს იმის შესაძლებლობას, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო კამპანიაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინოს.

ამავე დროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შემოწმებები ამ მიმართულებით გამკაცრდა, რადგან რუსეთის ძალისხმევა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის სისტემებზე თავდასხმისა, უზომოდ დიდია.

მაისში ორმა კანონმდებელმა ფლორიდის შტატიდან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ უალსმა და დემოკრატმა სტეფანი მერფიმ გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტს მიმართეს. ოფიციალური წერილით ისინი მათთვის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას ითხოვდნენ იმის თაობაზე, თუ როგორია რუსეთის ძალისხმევა იმის შემდეგ, რაც მალერის ანგარიშმა აჩვენა, რომ მოსკოვმა მოახერხა ქვეყნის მნიშვნელოვან სისტემებში შეღწევა.

"ფლორიდის ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს თუ რამდენად ცდილობს გარე მოთამაშე ჩვენი შტატის საარჩევნო უსაფრთხოების სისტემის გარღვევას და რას აკეთებს ფედერალური მთავრობა იმის თავიდან ასაცილებლად, რაც უკვე მოხდა", - ამბობს კონგრესმენი მერფი განცხადებაში.

თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირები ამბობენ, რომ შესაძლოა მათი გადაწყვეტილებით, ზოგიერთი ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩეს.
"რთული არჩევანია გასაკეთებელი. საბოლოო კითხვა ისაა, არის თუ არა ფედერალური და ეროვნული ინტერესის საგანი ის, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ და გადაწონის თუ არა ეს ინტერესი საპირისპირო არგუმენტებს", - ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG