ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროების მისია იაპონიაში


ამერიკელი სამხედროების მისია იაპონიაში
ამერიკელი სამხედროების მისია იაპონიაში

აშშ-ს სამხედრო ძალები იაპონიაში ცუნამით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში წამყვან როლს ასრულებენ

იაპონიაში 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალები წამყვან როლს ასრულებენ, იუწყება სტიქიით განადგურებული ქალაქ იშინომაკიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარტინ უილიამსი.

სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცუნამმა პატარა ქალაქ იშინომაკიში ათასობით სახლი მიწასთან გაასწორა. სტიქიამ არც მინატოს დაწყებითი სკოლა დაინდო, რომელიც ნანგრევებად იქცა.

სკოლის ეზოს ტალახის სქელი ფენა ფარავს. ყველგან დანგრეული ავტომანქანებია მიმოფანტული. სკოლის შენობიდან ნაგავის უშველებელი ხროვა დღემდე არ გაუტანიათ.

დღეს ამ დავალებას შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები შეასრულებენ.

კაპიტანი ადან მალდონადო ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფის წევრია, რომლებიც სკოლის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობენ.

„უკვე მესამე დღეა რაც ჩვენ აღდგენით ოპერაციაში ვმონაწილეობთ, რომელშიც საგანგებო სამოქმედო ჯგუფ ფუჯის საზღვაო ქვეითები და ჯარისკაცები მძიმე ტექნიკის გამოყენებით მინატოს დაწყებითი სკოლის ტერიტორიას ასუფთავებენ. გუშინ სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ბავშვებსა და მოზარდებს ტკბილეულით, ტანსაცმლითა და სათამაშოებით სავსე 312 ზურგჩანთა დავურიგეთ,“ აღნიშნა კაპიტანმა მალდონადომ.

მიწისძვრის დღეს შეერთებული შტატების მთავრობამ იაპონიას სრული დახმარება აღუთქვა. მას შემდეგ გაწეული დახმარების ლომის წილი სწორედ შეერთებული შტატების სამხედროებმა იტვირთეს. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მუდმივად დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 38,000-ს აღწევს.

ტომოდაჩის ოპერაციის ფარგლებში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა იაპონიაში 260-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს, 160 გადაფრენა განახორციელეს, და გადარჩენილთა მოძებნის მიზნით ოკეანის ზედაპირის 5,000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი დაფარეს. ნიშანდობლივია, რომ იაპონურად სიტყვა ტომოდაჩი „მეგობარს“ ნიშნავს.

ამერიკელმა სამხედროებმა ქალაქ სენდაის აეროპორტი ნანგრევებისგან გაასუფთავეს რათა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ თვითმფრინავებს სტიქიით დაზარალებულ რეგიონში დაშვება შეეძლოთ.

შეერთებული შტატების სამხედროები იაპონიის თავდაცვის ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, აღნიშნავს კაპიტანი მალდონადო.

„არსებითად ჩვენ აქ დამხმარე როლი გვაკისრია. როცა იაპონიის თავდაცვის ძალები დახმარებას გვთხოვენ, ჩვენ მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ხალხი ძალიან გულთბილად გვეპყრობა. ყველა გვიღიმის და მადლობას გვიხდის,“ აღნიშნა მალდონადომ.

ორშაბათს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტოშიმი კიტაზავამ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ოფიციალურად მადლობა გადაუხადა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა და იაპონელი ხალხი შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ოპერაცია ტომოდაჩის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ. თავდაცვის მინისტრ კიტავაზას ეამაყება ის, რომ შეერთებული შტატები იაპონიის მოკავშირე სახელმწიფო გახლავთ.

კიტაზავას მეთაურობით სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იაპონიის თავდაცვის ძალების დაახლოებით 100,000 ჯარისკაცია დისლოცირებული. სახმელეთო თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი შოჰეი აბე აღნიშნავს, რომ იაპონელ სამხედროებს სხვადასხვა მისიების შესრულება ევალებათ.

„ძირითადად დაღუპულთა გვამების ძებნა, სასმელი წყლისა და სურსათის გადაზიდვა და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ნანგრევების გასუფთავება,“ დასძენს პოლკოვნიკი შოჰეი აბე.

XS
SM
MD
LG