ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საგარეო დახმარების შემცირებას კანონმდებლები არ ეთანხმებიან


ამერიკის მომავალი, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესს თეთრმა სახლმა წარუდგინა, შტატების საგარეო დახმარების პროგრამები მნიშვნელოვნადაა შეკვეცილი. დემოკრატი კანონმდებლების გარდა ამ მიმართულებით ბიუჯეტის შესაძლო შემცირებას არ ეთანხმება ბევრი რესპუბლიკელი კონგრესმენიც. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციით, ბიუჯეტის შემცირება ისე მოხდება, რომ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები არ დაზარალდება.

11 მილიარდ-დოლარიანი შეკვეცა ამერიკის საგარეო დახმარების ბიუჯეტში - ეს კონგრესში გასულ კვირას გამართული სხდომების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო. პრეზიდენტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მცირდება ლტოლვილების დასახლების, გლობალური ჯანდაცვისა და სხვა პროგრამების დაფინანსება. პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი სპიკერი და რესპუბლიკელი წევრები ამ შემცირებას ეწინააღმდეგებიან და დიდი შანსია ეს პროექტი სულაც არ დამტკიცდეს.

„ეს ბიუჯეტი ჩემი აზრით, ამერიკის ძალიან მცირე ჩართულობას გულისხმობს. ესაა უკანდახევა ისეთ ადგილებიდან, სადაც ამერიკის ლიდერობა ყველაზე მეტადაა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მსგავსი ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და ისინი სიხარულით შეავსებენ ამ ვაკუუმს“, - ამბობს ელიოტ ენგელი, დემოკრატი კონგრესმენი. მის აზრს იზიარებს რესპუბლიკელი მაიკლ მკქოლიც.

„მე ვეთანხმები კომიტეტის თავმჯდომარეს. მჯერა, რომ ზოგიერთი მიმართულებით ბიუჯეტის შეკვეცა ისეთ შედეგებს გამოიწვევს, რაც შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება. ეს განსაკუთრებით ისეთ ასპექტებს ეხება, როგორიცაა კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარება და განვითარების პროგრამები რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, და ეკონომიკურ ზრდას უჭერს მხარს. ხდება სასიცოცხლო რესურსების მიწოდება იმ ზონებში, სადაც ტერორიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის მაღალი რისკი არსებობს", - განაცხადა კონგრესმენმა მკქოლმა.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კი ამბობს, რომ ის რუსეთისა და ჩინეთისგან არსებულ საფრთხეებს კარგად იცნობს, მაგრამ ადმინისტრაცია გონივრულად უნდა მიუდგეს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა „ტვირთს“.

„ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ჩინეთი და რუსეთი ვერ მოიპოვებს უპირატესობას გლობალური ძალების განახლებული კონკურენციის პირობებში. განვაგრძობთ ჩვენს პროგრესს ჩრდილოეთ კორეასთან სრულ და დადასტურებად ატომურ განიარაღებამდე; და ჩევნ მხარს დავუჭერთ ვენესუელას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიის მშვიდობიანი აღდგენისათვის", - ამბობს პომპეო. მისივე განმარებით, ბიუჯეტის შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, ვენესუელის დემოკრატიული ტრანზიციისთვის ახალი უწყება უნდა შეიქმნას, რომელსაც 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარება დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG