ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაშიდა თლაიბი ისრაელში გამგზავრებას აღარ აპირებს


ამერიკის კონგრესის წარმომადგენელმა რაშიდა თლაიბმა გადაწყვიტა ისრაელში აღარ გაემგზავროს. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა მას ოფიციალურად მხოლოდ ბებიის მონახულების უფლება მისცა.

ისრაელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის ამერიკელ კონგრესმენებს რაშიდა თლაიბსა და ილჰან ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლებს არ მისცემდა. თლაიბმა მთავრობას წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა, მისთვის იქ მცხოვრები მოხუცი ბებიის ნახვის უფლება მიეცათ.​ ისრაელმა ეს მოთხოვნა "ჰუმანიტარული საფუძვლების" გათვალისწინებით დააკმაყოფილა.

პარასკევს "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში თლაიბი ამბობს:

"ეს ჩემს გარკვეულ ნაწილს მოკლავს. მე გადავწყვიტე, რომ ბებიის მონახულება ასეთ უსამართლო გარემოებებში ყველაფერ იმას ეწინააღმდეგება, რისიც მე მწამს - იქნება ეს რასიზმთან, უსამართლობასთან და სისასტიკესთან ბრძოლა", წერდა თლაიბი. თუმცა მანამდე, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში თლაიბი პირობას დებდა, რომ ის ყველა შეზღუდვას სცემდა პატივს და არ გამოხატავდა ისრაელისადმი ბოიკოტს, თუკი მას ქვეყანაში ჩასვლის უფლებას მისცემდნენ.

მეორე კონგრესმენი, ილჰან ომარი, ისრაელის განცხადებაში ნახსენები არ იყო, თუმცა ეს ორი კონგრესმენი პირველი მუსლიმი ქალი კანონმდებლები არიან ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში და ისინი ისრაელს ხშირად აკრიტიკებენ.

ისრაელის მიერ აკრძალვის გამოცხადებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა:

"უდიდესი სისუსტის ჩვენება იქნება ისრეალის მხრიდან კონგრესმენების ოლჰან ომარისა და რაშიდა თლაიბისთვის [ქვეყანაში ჩასვლის] უფლების მიცემა. ისინი ებრაელებისა და ისრაელის მოწინააღმდეგენი არიან", - თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG