ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერის ვინაობა იცის


ტერორისტულ ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ, მისი ახალი ლიდერის სახელის გამჟღავნებიდან სულ რამდენიმე დღეში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ კაცის ნამდვილი ვინაობა მისთვის ცნობილია.

პრეზიდენტმა, დამატებითი დეტალების გარეშე, „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ჩვენ ზუსტად ვიცით ის ვინ არის“.

სოციალურ მედიაში აუდიო-გზავნილი „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ამბების სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა და ახალი ლიდერი მხოლოდ მისი საბრძოლო მეტსახელით მოიხსენია: აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაში.

ანალიტიკოსების თქმით, ახალი ლიდერის სახელი მიანიშნებს, რომ ის ქურაშის ტომის ჰაშემიტების კლანის ჩამომავალია, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ახალი ლიდერი იმავე ტომის წარმომადგენელია, საიდანაც წინასწარმეტყველი მუჰამედი გამოვიდა. ეს „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო ხალიფისთვის აუცილებელი პირობაა.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები ხუთშაბათს გამოქვეყნებულ აუდიო გზავნილს იკვლევენ. ოფიციალურ პირებს ალ-ქარაშის ნამდვილი ვინაობის დადგენის შესახებ საჯარო განცხადება ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვთ.

ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა და ანალიტიკოსმაც ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ალ-ქურაში იყოს ჰაჯი აბდალა, „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი იდეოლოგი, რომელიც სხვა ფსევდონიმებითაც არის ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG