ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი „გლობალურ ინიციატივაზე" სიტყვით გამოვიდა


რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ამერიკის საერთაშორისო დახმარებას აკრიტიკებს

შეერთებული შტატების რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის თქმით, ამერიკის საერთაშორისო დახმარებამ ვაჭრობასა და თავისუფალ ბიზნესს უნდა შეუწყოს ხელი, რაც ინვესტირებული თანხებიდან მტკიცე სარგებლის მიღების მასტიმულირებელი იქნება. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, მაიკ ბოუმანი მოგვითხრობს, ბატონი რომნი ნიუ იორკში გამართულ „სი-ჯი-აი”-ს სახელით ცნობილ კლინტონის გლობალურ ინიციატივაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ხელმძღვანელობს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლამდე ერთი საათით ადრე, მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა მსოფლიოში აქტუალურ თემებზე საკუთარი ხედვები წარმოაჩინა. მიტ რომნის თქმით, ათწლეულების მანძილზე შეერთებული შტატების მიერ გამოჩენილმა სულგრძელობამ სათანადო შედეგებს ვერ მიაღწია.

„ძალიან ხშირად, ჩვენი მხრიდან ქველმოქმედების უდედეს სურვილს იმის შეგრძნება ანელებს, რომ დახმარება ყოველთვის ეფექტური არ არის. ჩვენ გვესმის იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ამერიკული დახმარება კორუფციულ მთავრობებთან მიდის. კითხვა გვიჩნდება - თუ რატომ ვერ ხერხდება გაჭირვების აღმოფხვრა წლების მანძილზე გაწეული დახმარებებისა და შემწეობების ფონზე და რატომ გრძელდება დუხჭირი მდგომარეობა ათწლეულების მანძილზე,” - განაცხადა რომნიმ.

ბატონი რომნის თქმით, ამერიკის საერთაშორისო დახმარებამ ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალ ვაჭრობასა და კერძო ბიზნესს, რასაც განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში უკვე მოაქვს მსხვილი შემოსავლები.

„ჩვენი დახმარების უდიდესი ნაწილი მიზნად ისახავს სამუშაოს წახალისებასა და თავისუფალი ბიზნესის ხელშეწყობას. როგორც სახელმწიფოს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების იმაზე უფრო ეფექტურად და მუდმივად შესაცვლელად როგორც იმ შეხედულებების გაზიარება, რაც ამერიკის ეკონომიკას უდევს საფუძვლად -- თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ბედნიერებისათვის საკუთარი ძალებით იღწვიან და ძლიერ, წარმატებულ სახელმწიფოს აშენებენ,” - განმარტავს მიტ რომნი.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი იმედოვნებს, რომ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ - „წარმატების პაქტები” ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ბიზნესზე ბარიერების მოხსნის წინაპირობა იქნება.

მოგვიანებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტი ობამა, ასევე, შეეხო ამერიკის მიმდინარე, გლობალურ ინიციატივებს და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკის საერთაშორისო განვითარების პოლიტიკა ზრდაზეა ორიენტირებული და ქვეყნების მხრიდან დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობდით აფრიკის ლიდერებთან, რათა მათ საკუთარი ერები გამოეკვებათ. კორუფციის დაძლევისა და ღია და გამჭვირვალე მთავრობების ფორმირების მიზნით თანდათანობით გაძლიერდა ახალი პარტნიორობები. ასევე, ახალი ვალდებულებები იქნა აღებული „თანასწორუფლებიანი მომავლის პარტნიორობის” ფარგლებშიც, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქალებისა და გოგონების სრულყოფილი მონაწილეობა პოლიტიკაში და მათ მიერ სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება,” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ბატონი ობამა ასევე გამოჩნდა კლინტონის გლობალურ ინიციატივაზეც, სადაც მისი გამოსვლის მთავარი თემა ტრეფიკინგი იყო.

შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარება ითვალისწინებს სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების სამხედრო, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივებს, განვითარების პროექტებსა და მეწარმეებისა და ბიზნესების დაფინანსებასა და ხელშეწყობას ღარიბ რეგიონებში. საერთაშორისო დახმარება ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 2 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.
XS
SM
MD
LG