ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტები სოჭის უსაფრთხოების შესახებ


მათ ახლა მეტი საშუალება ეძლევათ თავდასხმა არა უშუალოდ ოლიმპიადაზე, არამედ რუსეთის სხვა ნაწილებში განახორციელონ

რუსეთმა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დახარჯა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს იწყება. შავი ზღვის საკურორტო ქალაქის ირგვლივ შემოვლებულ ვირტუალურ საზღვრებს, რომელსაც რუსები „მეტალის რკალს“ უწოდებენ, დღეს ათასობით უსაფთხოების პერსონალი აკონტროლებს. მთავარი საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიელი სეპარატისტების და ჯიჰადისტების ჯგუფებიდან მოდის, უმთავრესად - სოჭიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარე ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან.

ტერორიზმის ექსპერტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ბრიუს ჰოფმანი ამბობს, რომ ორგანიზაცია „კავკასიის ემირატებში“ ბევრი სხვადასხვა დაჯგუფება ერთიანდება. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს. მისი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, როგორც ჩანს, უმაროვი ცოცხალია და სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ მუქარას თავად ავრცელებს- აღნიშნავს პროფესორი ჰოფმანი.

დეკემბრის ბოლოსკენ უმაროვთან დაკავშირებულმა ჯგუფმა პასუხისმგებლობა ვოლგოგრადის ინციდენტებზე აიღო. სოჭიდან 600 კილომენტრში მდებარე უდიდეს დასახლებულ პუნქტში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ორ აფეთქებაში 30 ადამიანი დაიღუპა. ექსპერტი ტომ დე ვაალი, რომელიც ანალიტიკურ მასალებს ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ინტენსიურად აქვეყნებს, ამბობს, რომ საფრთხე მეამბოხეთა დაბალი ინტენსიურობის მქონე, მაგრამ სერიოზული ისლამისტური დაჯგუფებიდან მოდის. ის ჩეჩნეთის მეორე ომის გადმონაშთს წარმოადგენს, რომელიც 10 წლის წინ დასრულდა, თუმცა, ბოლომდე სიტუაცია იქ არასოდეს მოგვარებულა“.

ტომ დე ვაალის თქმით, „საუბარი არ არის ერთგვარ ორგანიზებულ გაერთიანებაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ებრძვის“. მისი აზრით, „კავკასიის ემირატების“ სერიოზულობის შესახებ ღია კითხვის ნიშნები არსებობს. „ვსაუბრობთ რამდენიმე სასოწარკვეთილ იდივიდზე, რომელსაც ისლამისტური იდეოლოგია აქვს, რუსეთის სახელმწიფოსთან და პრეზიდენტ პუტინთან პირადი ზიზღი აკავშირებს და რომელსაც თუკი ამის შესაძლებლობა ექნა, რა თქმა უნდა, სოჭის თამაშებისთვის ხელის შეშლის სურვილი აერთიანებს“ - აცხადებს დე ვაალი. ეს ყოველივე კი, ექსპერტის აზრით, მოსკოვს სერიოზულ პრობლემას უქმნის. „რუსეთის სახელმწიფოსთვის ბევრად იოლი იქნებოდა ერთი დაჯგუფების არსებობა, რომელსაც ის დაადგენდა, თუ ვინ იყო და შეებრძოლებოდა“ ამბობს ტომ დე ვაალი. სანაცვლოდ, რუსეთს ხშირ შემთხვევაში საქმე აქვს „ბევრ არამყარ პიროვნებასთან, რომელთა ნაწილს შურისძიების ერთგვარი პირადი მოტივი, ზოგს კი მცირეოდენი ორგანიზებაც გააჩნია - საბოლოო ჯამში, საუბარია ადამიანებზე, რომელთა მონიტორინგი ძალიან ძნელია“.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ექსპერტის, ბრიუს ჰოფმანის აზრით, ასევე რთულია ე.წ. „შავი ქვრივების“ მონიტორინგი, ანუ იმ ქალების, რომელთაც ქმრები რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაეღუპათ. სულ ერთია, იქნებოდა ეს ჩეჩნეთი, დაღესტანი, თუ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ნაწილი. „სახელი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქალების მდგომარეობა გლოვიდან გამომდინარე, უნუგეშოა. მათ ფიცი დადეს, რომ დაღუპულთა გამო შურს იძიებდნენ. გარდაცვლილი შესაძლოა ქმრის ნაცვლად - ძმა, მამა, ბიძა, ან ბიძაშვილი იყოს. შურისძიება კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ინსტინქტური და ლოგიკას მოკლებული ემოციაა“ - აღნიშნავს ის.

პროფესორ ჰოფმანის განმარტებით, „შავი ქვრივები“ ბევრ მაღალი პროფილის მქონე ტერორისტულ იერიშზე და აფეთქებაზე არიან პასუხისმგებელი. მისი თქმით, ქალები ათ წელიწადზე მეტია კავკასიური წარმოშობის ტერორიზმში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამის მაგალითად მას 2002 წელს მოსკოვის თეატრის და 2004 წელს ბესლანის სკოლის ინციდენტები მოჰყავს. ამას ემატება მოსკოვის მეტროზე 2004 და 2010 წელს მიტანილი იერიშები, თუ 2004 წელს თვითმფრინავში მომხდარი აფეთქება.

ბევრი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები კარგად დაცული იქნება და ტერორისტებს იქ მოქმედება გაუჭირდებათ. თუმცა, ექსპერტების აზრით, მათ ახლა მეტი საშუალება ეძლევათ თავდასხმა არა უშუალოდ ოლიმპიადაზე, არამედ რუსეთის სხვა ნაწილებში განახორციელონ.
XS
SM
MD
LG