ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო დღე არჩევნებამდე


ორივე კანდიდატი კამპანიის ბოლო დღეს უმცირესობების და ქალების ხმების მოპოვებას ცდილობდა

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე, მიტ რომნი თავიანთი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩეველთა დარწმუნებას ცდილობდნენ. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, კრის სიმკინდი იუწყება, მათი მთავარი მიზანი იყო იმ შტატებში მომხრეთა მობილიზება, სადაც ჯერ კიდევ გაურკვეველი მდგომარეობაა.

საარჩევნო უბნების გახსნამდე საპრეზიდენტო კანდიდატებმა ამომრჩეველთა მიმხრობა იმ რვა გადამწყვეტ შტატში სცადეს, სადაც ჯერ ამერიკელთა უმრავლესობის არჩევანი ბუნდოვანია. ორივე კანდიდატმა ერთ-ერთ ბოლო შტატად ოჰაიო შეარჩია. აქ პრეზიდენტმა ობამამ რომნის გეგმას უპასუხა, რომლის თანახმადაც მდიდარ ამერიკელებს გადასახადები უნდა შეუმცირდეთ.

„ეს არ არის უბრალოდ არჩევანი მხოლოდ ორ კანდიდატს ან პარტიას შორის. ეს არის არჩევანი ორ განსხვავებულ ხედვას შორის. ეს არის არჩევანი ან დავბრუნდეთ უკან დანგრეული ეკონომიკისკენ, ან ავირჩიოთ ძლიერ საშუალო კლასზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელსაც კრიზისიდან გამოვყავართ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

როგორც მიტ რომნიმ ოჰაიოლებს განუცხადა, მისი მიზანი მათი შტატის მოგებაა. ოჰაიოს შემდეგ ის პენსილვანიაში 20 ათასი მხარდამჭერის წინაშეც გამოვიდა.

„თუკი ვინმე ფიქრობს, რომ უკეთესი სამსახურები და ხელფასები წარსულის კუთვნილებაა, მე არაორაზროვნად ვაცხადებ - სწორი ხელმძღვანელობის პირობებში ამერიკას კვლავ შეუძლია დიდების დაბრუნება,“ - განაცხადა რომნიმ.

ორივე კანდიდატი კამპანიის ბოლო დღეს უმცირესობების და ქალების ხმების მოპოვებას ცდილობდა. 34 შტატში ჩატარებულ ადრეულ არჩევნებში, 29 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა, შედეგები უბნების დახურვამდე ცნობილი არ იქნება.

ფლორიდაში ამომრჩევლებს ხუთი-ექვსი საათი მოუწიათ რიგში დგომამ. ამის მიზეზი კი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის შეფერხება იყო.

ოჰაიოში გამოსვლისას პრეზიდენტ ობამას დემონსტრანტებმა რამდენჯერმე შეაშლევინეს ხელი მოულოდნელი კითხვებით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს აღმოსავლეთ სანაპიროზე გასულ კვირას მომხდარი დამანგრეველი ქარიშხლის კვალი საარჩევნო შედეგზე.
XS
SM
MD
LG