ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური „სუროგატები“


პოლიტიკური „სუროგატები“
პოლიტიკური „სუროგატები“

შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური „სუროგატები“ ამომრჩეველთა მობილიზაციას ხელს უწყობენ

პირველი ლედი მიშელ ობამა, ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სარა პალინი და ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატებს წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ. რითი აიხსნება ამ საზოგადო მოღვაწეების პოპულარობა ამერიკელ ამომრჩევლებს შორის მაშინ როცა პოლიტიკური პარტიების ლიდერების პოპულარობა ეცემა?

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლორელ ბომანი იუწყება, საზოგადოებრივი პოპულარობის რეიტინგების თვალსაზრისით პირველი ლედი მიშელ ობამა თავის მეუღლეს 20 ნიშნულით უსწრებს. ახლა მოახლოვებული კონგრესის არჩევნების ფონზე მიშელ ობამა დემოკრატი ამომრჩევლების მობილიზაციას ცდილობს.

მიშელ ობამამ ამერიკელებს შორის პოპულარობა მოიპოვა იმ პროგრამების მხარდაჭერით, რომლებიც ამერიკაში ფიზიკური მომზადების, ჯანსაღი კვებისა და ორგანული მებაღეობის გავრცელებას ითვალისწინებენ. ქმრისგან განსხვავებით მას არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დებატები და არც ეკონომიკის მასტიმულირებებლი პაკეტით გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობა ადარდებს.

„ჩემი სამყაროს ცენტრში ჩემი ბავშვები არიან. ყველაფერს რასაც მე ვაკეთებ ჩემი ბავშვების მომავლისთვის ვაკეთებ,“ აღნიშნა პირველმა ლედიმ.

ეს საკმაოდ მარტივი გზავნილია, მაგრამ მას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია, აღნიშნავს გამოცემა Politico-ს ჟურნალისტი ენდი ბარი. მისი თქმით:

„რასაკვირველია ეს პოლიტიკური გზავნილია. თეთრი სახლიდან გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას პოლიტიკური ხასიათი აქვს და მისი განცხადებები გამონაკლისს არ წარმოადგენს. პოლიტიკურად ზომიერი შეხედულებების მქონე ქალები არჩევნებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ ბარაკ ობამას დაუჭირეს მხარი. ახლა კი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ისინი რესპუბლიკელებისკენ იხრებიან.“

ხოლო რესპუბლიკური პარტიის ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სარა პალინი ამერიკელ ქალებს ჰპირდება, რომ იგი მათ ფედერალური მთავრობის მზარდი გავლენისგან დაიცავს.

წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

„ჩვენ თქვენგან კიდევ ორი წელი გვჭირდება. ამ ორმოს ამოსათხრელად თქვენ [რესპუბლიკელებს] რვა წელი მიეცით. ამ ორმოდან ამოსვლისთვის ჩვენ თქვენ სულ ორ წელიწადს გთხოვთ,“ მიმართა ამომრჩევლებს ბილ კლინტონმა.

აღსანიშნავია, რომ კლინტონის პრეზიდენტობის დროს რესპუბლიკელებმა მისი იმპიჩმენტი სცადეს. ახლა იგი გლობალური ინიციატივის მეოხებით მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად კლინტონი ამერიკელებს შორის კვლავინდებურად დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაზეთის The Hill-ის ჟურნალისტმა მაიკ ო’ბრაიენმა აღნიშნა:

„დემოკრატებს იგი კვლავინდებურად მოსწონთ. იგი დადებით ასოციაციების იწვევს. მას საკუთარი იმიჯის შესალახად არაფერი გაუკეთებია.“

ბილ კლინტონისგან განსხვავებით, წლევანდელი კონგრესის არჩევნებში ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საერთოდ არ ჩანს. ენდი ბარი დასძენს:

„დღემდე იგი ყველაზე არაპოპულარ პოლიტიკურ ფიგურად რჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულა შეიძლება შეიცვალოს, როგორც ეს მოხდა სხვა ყოფილი პრეზიდენტების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ-ჯერობით იგი კვლავინდებურად უაღრესად არაპოპულარულია.“

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ძნელია იმის განსაზღვრა თუ რა გავლენას მოახდენენ ეგრეთწოდებული პოლიტიკური „სუროგატები“ ამერიკელ ამომრჩევლებზე. მაგრამ უდავოა, რომ ისინი კონგრესის არჩევნების მიმართ საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ. 2 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩევლები შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილს ხოლო 100-წევრიან სენატში 37 ადგილს უყრიან კენჭს.

XS
SM
MD
LG