ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა გვალვა კლიმატური ცვლილებების ნაწილი


უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე ამერიკას მსგავსი უნალექობა არ ახსოვს

შეერთებული შტატების სამხრეთი გვალვებით ყველაზე მეტად დაზარალდა. ტეხასის შტატში მიწა დახეთქილია, მდინარეები კი - დამშრალი. ნათესები და საძოვრები - სიცხისგან გამხმარი და გადაყავისფრებული. და ეს ყველაფერი 7 თვის წინ დაიწყო.

სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შტატი მთელ ამერიკაში ბრინჯის ზომით მეოთხე მწარმოებელია. სპეციალისტები აქამდე პროდუქციის 15-20 პროცენტით შემცირებაზე საუბრობდნენ. დღეს ტეხასელი აგრონომი პიტერ მაკგილი ამბობს, რომ გვალვების შედეგად მათი პროდუქცია სავარაუდოდ განახევრდება.

საუბარია სულ ცოტა 290 მილიონ დოლარზე, ჩვენს მთლიან სასოფლო-სამეურნეო შემოსავალზე. მისი დიდი ნაწილი ბრინჯზე მოდის. ტეხასის ეკონომიკას ცირკულირებისთვის ძალზე დიდი თანხა მოაკლდება“ - ამბობს ის.

ჯეიმს ბრედბერი მსოფლიო რესურსების ინსტიტუტიდან, რომელიც გარემოს დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს, ამბობს, რომ მდგომარეობას ხელი წყნარი ოკეანის ცივმა კლიმატმა შეუწყო, სახელწოდებით „ლა ნინია“. ის პერიოდულად ამინდის ცვლილებას იწვევს და ქვეყნის სამხრეთში უფრო ცხელ და მშრალ კლიმატს მოასწავებს.

ბმული


„დრო გვაჩვენებს, ნამდვილად არის თუ არა წლევანდელი გვალვა გლობალური კლიმატური ცვლილებების ნაწილი. მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს ასეა და ამერიკის უნალექობა მთელ პლანეტაზე ტემპერატურის ზრდის ნაწილია“ - ამბობს მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის სპეციალისტი.

მას პიტერ სკოტიც ეთანხმება - ბრიტანელი მეცნიერი, კლიმატის მონიტორინგის ჯგუფის „მეტ ოფის ჰედლის“ ცენტრის ხელმძღვანელი. ის იმ სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია, რომელიც ამერიკის მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ გამოსცა და რომელიც ამტკიცებს, რომ ტეხასის გვალვა ამინდის სხვა დანარჩენ ექსტრემალურ ცვლილებებთან ერთად დედამიწაზე კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება. პიტერ სკოტი ადასტურებს, რომ „ლა ნინია“ მიზეზებს შორის მხოლოდ ერთია და კლიმატურ ცვლილებებში ადამიანთა საქმიანობასაც დიდი წვლილი შეაქვს.

„მკაფიო დადასტურება გვაქვს იმის, რომ ადამიანთა საქმიანობამ ტეხასის გვალვებზე და დიდ ბრიტანეთში გასულ წელს დაფიქსირებულ ტემპერატურის არაბუნებრივ ცვლილებებზე დიდი გავლენა იქონია“ - ამბობს ბრიტანელი მეცნიერი.

მისი მონაწილეობით გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ ტეხასის გვალვის ალბათობა წელს 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 1960 წელს, რაც ადამიანთა საქმიანობით გამოწვეულ ატმოსფეროში გამონაბოლქვის მატებას უშუალოდ უკავშირდება. თითქმის ანალოგიური მონაცემი მიიღეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. გასულ წელს სიცხის შემოტევის ალბათობა 50 წლის წინ არსებულს 62-ჯერ აღემატებოდა.

თუმცა, პიტერ სკოტი იმასაც დასძენს, რომ კლიმატურ ცვლილებებს ექსტრემალური ამინდის ყველა შემთხვევა როდი უკავშირდება. უბრალოდ ის და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ექსტრემალური ამინდის ალბათობა გლობალური დათბობის დროს ბევრად მეტია.

ამასობაში გვალვებს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მეორე უაღრესად შემაშფოთებელი მოვლენა მოჰყვა. უნალექობის შედეგად გახშირდა გიგანტური ხანძრების შემთხვევები, რამაც თავისმხრივ ნათესების თითქმის მესამედი გაანადგურა. მეცნიერები გამოსავალს ვერ პოულობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მდგომარეობა მომავალ თვეებში კიდევ უფრო გაუარესდება.

კლიმატოლოგ პიტერ სკოტის აზრით, ეს ყოველივე დედამიწაზე განგაშის ზარს უნდა უტოლდებოდეს, რათა ადამიანებმა საწარმოების და მანქანების გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვა მაქსიმალურად გააძლიერონ:

მეცნიერი იმედს გამოთქვამს, რომ მათი უახლესი ნაშრომის წყალობით ბევრი გამოფხიზლდება და მიხვდება კლიმატური ცვლილებების აზრს და მის კავშირს დედამიწაზე გახშირებულ ექსტრემალურ ამინდთან.
XS
SM
MD
LG