ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც გმობს ტრამპის "რასისტულ კომენტარებს"


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დღეს გეგმავს კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომელიც "გმობს პრეზიდენტ ტრამპის რასისტულ კომენტარებს", კერძოდ - ოთხი ფერადკანიანი კანონმდებელი ქალის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. უქმეებზე ტრამპმა მათ მოუწოდა საკუთარ ქვეყნებში, "შინ გაბრუნდნენ" მანამ, სანამ პრეზიდენტს გააკრიტიკებენ.

საუბარია წარმომადგენელთა პალატის წევრ ქალთა ოთხეულზე, რომელშიც შედიან დემოკრატები: ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი, აიანა პრესლი და რაშიდა თლაიბი. აქედან, სამი კანონმდებელი ამერიკაშია დაბადებული და მათ სხვა სამშობლო ფიზიკურად არ გააჩნიათ.

პრეზიდენტი ტრამპი არ თვლის, რომ მისი კრიტიკა რასისტულია. "არანაირად" - თქვა მან პასუხად კითხვაზე, იყო თუ არა ეს მისი მხრიდან რასისტული გამონათქვამი. პრეზიდენტმა უკან არც დღეს დაიხია და ისევ განაახლა თავდასხმა წარმომადგენელთა პალატის ოთხ წევრ ქალზე. "დემოკრატი კონგრესის წევრი ქალები აფრქვევენ ერთ-ერთ ყველაზე საზიზღარ, მოძულე, საშინელ რაღაცეებს, რაც პოლიტიკოსს როდესმე უთქვამს პალატაში ან სენატში. და მაინც, ეს მათ გასდით და დემოკრატიული პარტია მათ გულში იკრავს კიდეც" - დაწერა ტრამპმა დღეს "ტვიტერზე", დაახლოებით დილის ხუთის ნახევარზე, ადგილობრივი დროით.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ რესპუბლიკელები "ქვეყანას პარტიაზე მაღლა დააყენებენ" და დემოკრატებთან ერთად ხმას მისცემენ რეზოლუციას.

"მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რასისტულ კომენტარებს, რომელსაც თან ახლავს მზარდი შიშის და სიძულვილის ლეგიტიმიზაცია ჩვენი თანამემამულე, ახალი ამერიკელების მიმართ, ფერადკანიანი ადამიანების მიმართ, ვინც იმიგრანტია და ან პრეზიდენტს შეიძლება იმიგრანტად მოეჩვენოს და რომელთაც ის მიუთითებს, "შინ, უკან გაბრუნდეს"; მიმართოს იმიგრანტებს და თავშესაფრის მთხოვნელებს, როგორც "დამპყრობლებს" და უთხრას კომგრესის წევრებს, რომლებიც იმიგრანტები არიან (მათ შორის ისეთებს, რომლებიც არასწორად არიან მიჩნეული იმიგრანტებად), რომ ისინი არ არიან კონგრესის წევრობის, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ღირსნი". ეს არის ამონარიდი რეზოლუციის ტექსტიდან, რომელიც დღეს, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზეა დაყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG