ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე მრავალფეროვანი კონგრესის პირველი დღე


საკუთარი პარტიის წევრთა მხარდაჭერის შესუსტების მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად კვლავ ჯონ ბეინერი აირჩია

შეერთებული შტატების 113-ე კონგრესი საზეიმო ფიცის დადების შემდეგ მუშაობას შეუდგა. ამერიკის ისტორიაში ის ყველაზე მრავალფეროვანი კონგრესია, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყნის დემოგრაფიაში, კულტურაში და ცნობიერებაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს. 98 ქალი, 43 ფერადკანიანი, 31 ლათინურ-ამერიკული და 12 აზიურ-ამერიკული წარმოშობის, 7 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის - „კარგია, რომ კონგრესი თანდათან დანარჩენ ამერიკას ემსგავსება“ - ამბობს ახლადარჩეული კონგრესმენი თამი დაქვორქი ილინოისის შტატიდან.

კონგრესის მუშაობის პირველი დღე პირველი დაძაბულობითაც აღინიშნა. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში სპიკერი აირჩიეს. საარჩევნო ბიულეტენზე მხოლოდ ორი სახელი იყო, ყოფილი სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის და რესპუბლიკელი ჯონ ბეინერის. თანაპარტიელების მწვავე კრიტიკის და ბევრი მხარდამჭერის დაკარგვის მიუხედავად, ბეინერმა 220 ხმით 192-ის წინააღმდეგ გამარჯვება მაინც მოიპოვა და სპიკერის პოსტი ხელმეორედ დაიკავა. ნენსი პელოსიმ მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა და დემოკრატებს და რესპუბლიკელებს მეტი ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„სპიკერო ბეინერ, ზედმიწევნით კარგად ვიცი, რომ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის არ დავეთანხმებით, მაგრამ მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ საერთო ენას გამოვნახავთ“ - განაცხადა ყოფილმა სპიკერმა.

ბეინერის თქმით, ახალი ვადით არჩევის შემდეგ ის ფოკუსირებას ეროვნული ვალის უფრო მეტად შემცირებაზე მოახდენს.

„ჩვენმა მთავრობამ ძალზე დიდი ვალი დააგროვა. ჩვენი ეკონომიკა კი საკმარის სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. ეს ორი არ გახლავთ ცალ-ცალკე მდგომი პრობლემა“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეულმა ლიდერმა.

ე.წ. ფისკალური უფსკრულის თავიდან აცილებისთვის მიმდინარე დებატებში ჯონ ბეინერის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა რესპუბლიკური პარტიის წყრომა გამოიწვია. პარტიის რამდენიმე ლიდერი მას დაუფარავად აკრიტიკებდა და ღიად აცხადებდა, რომ მხარს არ დაუჭერს არც მის კანდიდატურას და არც ბეინერს და პრეზიდენტ ობამას შორის მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოო ჯამში ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის შესახებ მიღწეული შეთანხმების დამტკიცება უმეტესად დემოკრატთა ხარჯზე მოხდა.

თომას მანი, ანალიტიკოსი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან აღნიშნავს, რომ ბეინერის კარიერაში საკმაოდ რთული ეტაპი დადგა, მას საკუთარი პარტიის ლიდერები, განსაკუთრებით კი ე.წ. ჩაის სმის მოძრაობა დაუპირისპირდა. თუმცა, ექსპერტის აზრით, ამით სპიკერს დიდად არაფერი დაკლებია.

„იმის თქმა მინდა, რომ პრინციპში ის არ დასუსტებულა, რადგან ძლიერი ფიგურაც არასოდეს ყოფილა“ - ამბობს თომას მანი.

ჩაის სმის მოძრაობის ლიდერებმა წარმომადგენელთა პალატაში ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ ჯონ ბეინერის ხელახლა არჩევა არ მომხდარიყო. მათ შორის განსაკუთრებით რომ მეიერი აქტიურობდა და ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკელი, რომელიც კონსერვატორთა ინტერესებს არ იცავს და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის იდეებს ღალატობს, არ იმსახურებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერობას, რომელსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. მცდელობის მიუხედავად, ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯონ ბეინერი 61-ე სპიკერად მაინც აირჩიეს.
XS
SM
MD
LG