ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიელი ბლოგერის სიკვდილით დასჯას გმობს


ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სირიელი ბლოგერისა და აქტივისტის ბასელ ხარტაბლი შაფადის სიკვდილით დასჯას სირიის მმართველი რეჟიმის მიერ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის მმართველობა აგრძელებს მოქალაქეებთან სასტიკ მოპყრობას, მათ შორის მათ წამებასა და სიკვდილით დასჯას.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი „არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ფართოდ გავრცელებულ სისასტიკეზე, ადამიანთა ტანჯვაზე, სიკვდილზე, ზიანსა და განადგურებაზე“.

ხარტაბლის ქვრივი, ნოურა ღაზი შაფადი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ამ კვირის დასაწყისში მან მიიღო დადასტურება, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა სიკვდილით დასაჯეს ხარტაბლი 2015 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ის ციხეში სასტიკად აწამეს. ღაზის არ დაუკონკრეტებია, როგორ დარწმუნდა ის მეუღლის სიკვდილში.

ბლოგერი და აქტივისტი ხუთი წლის წინ დამასკოში დააპატიმრეს. ის 34 წლის იყო, როდესაც დაიღუპა. ის ხელმძღვანელობდა დამასკოში არსებულ ოფისს, სადაც კომპიუტერული პროგრამების განვითარებაზე მუშაობდნენ. მისი ლიბანელი მეგობრის თქმით, შაფადს დიდი წვლილი შეჰქონდა არაკომერციული ორგანიზაციის „არაბული შემოქმედებითი გაერთიანების“ საქმიანობაში, საავტორო უფლებების რეფორმირების კუთხით, კოდირებისა და სამართლებრივი უფლებების განვითარებაში, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური იდეების თავისუფლად გავრცელებაში.

„შემოქმედებითმა გაერთიანება“ ადასტურებს, რომ ის 2012 წლის მარტში დამასკოს ქუჩაში დააპატიმრეს. „საერთაშორისო ამნისტიის" განცხადეიბთ, ბლოგერის სიკვდილი არის კიდევ ერთი საშინელი შეხსენება იმის შესახებ, თუ რა სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან ადამიანები სირიის ციხეებში ყოველდღიურად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG