სულეიმანოვს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა იცვლებოდეს ამა თუ იმ ადმინისტრაციის გემოვნების მიხედვით.
„ამ რეგიონში შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ამერიკული პოლიტიკა და არა რომელიმე კონკრეტული ადმინისტრაციის პოლიტიკა. ეს არ უნდა იყოს ბუშისა ან ობამას პოლიტიკა, არამედ ეს უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა ჩვენი რეგიონის მიმართ,“ აღნიშნა ბატონმა სულეიმანოვმა.
მას მიაჩნია, რომ ამერიკის უმთავრესი ამოცანა კავკასიის რეგიონში უნდა იყოს დახმარების აღმოჩენა არსებულ ეთნიკურ, ტერიტორიულ და პოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში, რაც რასაკვირველია სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებას მოიცავს. ამასთან დაკავშირებით სულეიმანოვმა განაცხადა:
„უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვსურს, რომ შეერთებულ შტატებს ჩვენს რეგიონში დარჩენის გრძელვადიანი გეგმა გააჩნდეს. ასეთი გეგმა მიზნად უნდა ისახავდეს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას, რომელიც სწორედ გრძელვადიან პერსპექტივას უნდა დაეყრდნოს, და არა რომელიღაც პოლიტიკურ კონიუქტურას. ამდენად დროებითი და მოკლევადიანი შედეგების მიღწევა არ უნდა იყოს მთავარი ამოცანა.“
სულეიმანოვის აზრით, ყირგიზეთის ისევე როგორც შუა აზიისა და ავღანეთის მიმართ შეერთებული შტატების გარკვეულ წილად არასტაბილური და მოულოდნელი პოლიტიკა ხელს უწყობს გეოპოლიტიკურ პაექრობას, რაც გამოიხატება რეგიონალურ და პოლიტიკურ დაჯგუფებათა კონკურენციაში. მისი თქმით, სწორედ ამის შედეგი იყო ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ყირგიზეთში ცოტა ხნის წინ მოხდა.
„ეს არ იყო უბრალო ინციდენტი ან ცალკეული შეტაკება. ეს იყო დიდი ტრაგედია როგორც ყირგიზეთში მცხოვრები უზბეკებისთვის ისე ყირგიზი ერისთვის. მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ უწინარეს ყოვლისა ეს ყირგიზი ხალხის ტრაგედია იყო. რასაკვირველია მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყირგიზეთის ხელისუფლებას. ჩვენ აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყირგიზეთში მცხოვრები უზბეკები ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. მე ვფიქრობ, რომ მედიამ ადეკვატურად არ გააშუქა მოვლენათა დეტალები,“ დასძინა სულეიმანოვმა.