ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მორიგი ფისკალური კრიზისი


მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ახალი ფისკალური განსაცდელის წინაშე დგას

შეერთებული შტატების კონგრესმა შეთანხმებას ბოლო მომენტში, უკვე ნაახალწლევს მიაღწია. დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა ე. წ. ფისკალური უფსკრულის თავიდან აცილების მიზნით, მაღალშემოსავლიან ამერიკელებზე გადასახადების გაზრდის თაობაზე მოილაპარაკეს. სპეციალისტების აზრით, ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალი იყო და სულ რამდენიმე კვირაში ამერიკას მორიგი განსაცდელი ელოდება. მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ობამას ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისს ისევ ფისკალური კრიზისის საშიშროებით ხვდება.

ახლადარჩეული კონგრესი ავანსცენას კვლავ პარტიებს შორის დაძაბული საბიუჯეტო ბრძოლებისთვის ამზადებს. საქმე იმაშია, რომ ამერიკას ხაზინაში ფული თებერვლის შუა რიცხვებისთვის ელევა. შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე მიაღწია კონგრესის მიერ დაწესებულ ვალის აღების ზედა ზღვარს, ანუ საგარეო სესხის ლიმიტს, რომელიც ამჟამად 16.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ნიუ იორკელი ვაჭრობის სპეციალისტი, ბენედიქტ უილისი ამბობს, რომ მომავალი დებატები საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ კიდევ უფრო დაძაბული და დაპირისპირებებით სავსე იქნება.

ახლა თანდათან მოვცილდებით ფისკალურ უფსკრულზე დავას და გადავალთ სისხლიან წმიდა ვალენტინის დღეზე. ფისკალური პრობელემების მოსაგვარებლად, როგორიცაა დეფიციტის შემცირება და საგარეო სესხის ლიმიტის გაზრდა, ისევ უმჭიდროვესი ვადები გვაქვს დაწესებული“ - აღნიშნავს ის.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი, ჯონ ბეინერი, რომელიც ახლახან ხელმეორედ აირჩიეს, ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილია უმთავრესი პრობლემა, და ის მთავრობის დანახარჯებში მდგომარეობს. რესპუბლიკური პარტია სესხის ლიმიტის გაზრდის ნაცვლად დანახარჯების შემცირებაზე მოლაპარაკებას ითხოვს.

პრეზიდენტი ობამა ამ წინადადებას უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს.

თუკი კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ამერიკის ვალის დროულად დაფარვაზე უარს იტყვიან, ვეტერანთა და ხანდაზმულთა დახმარებები დაგვიანდება. შესაძლოა საკუთარი ჯარის და მცირე ბიზნესების წარმომადგენელი კონტრაქტორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაც ვერ შევძლოთ“ - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

თუკი ამერიკის მთავრობა სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდაზე უარს იტყვის, ეს მსოფლიო ბაზრებზე დიდ უწესრიგობას შექმნის. ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიყენებულია. ფინანსური მრჩეველი ფრენკ რაილი შექმნილ ვითარებას ასე ხსნის:

თუკი თქვენ ბიზნესის მფლობელი ხართ და 100 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებთ, აუცილებლად შეყოვნდებით და მოიცდით, სანამ ეს ფინანსური გაურკვევლობა დასრულდება. ის ფაქტი, რომ კონგრესში მოლაპარაკებების დამთავრება და გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება, ბიზნესებსაც უკან წევს. გაქცეულ ცხენს რომ ლაგამს ამოსდებ და უეცარი შეფერხების გამო რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხევს, ზუსტად ისე“ - ამბობს ფრანკ რეილი.

ბოლო საბიუჯეტო შერკინება იმით დასრულდა, რომ შეერთებულ შტატებს საკრედიტო კომპანიებმა რეიტინგი დაუქვეითეს. მარკ გოლდვეინი ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტიდან ამბობს, რომ კიდევ ერთი დაქვეითება ქვეყნის ეკონომიკას და მის ავტორიტეტს უზარმაზარ ზარალს მიაყენებს.

ჩამოქვეითება 3 A-დან 2 A-ზე თავისთავად არც ისე დიდი ეფექტის მატარებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სახელმწიფო ბონდები საუკეთესო აღარ არის, მაგრამ ძალიან კარგია. უკვე მომხდარ დაქვეითებას დაახლოებით ასეთი სიტყვიერი კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუკი კიდევ ერთი და კიდევ მეორე დაქვეითების საშიშროება გაჩნდება“ - აღნიშნავს ის.

კონგრესის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ჯონ ბეინერი სესხის ლიმიტის გაზრდაზე უარის თქმის უარყოფით შედეგებს აღიარებს. მაგრამ ამბობს, რომ ასევე უარყოფით მოვლენებთან გვექნება საქმე, თუკი მთავრობამ უზომო რაოდენობით დანახარჯები არ შეზღუდა და ზედმეტი თანხების განკარგვა სასწრაფოდ არ შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG