ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ბაჰრეინის ურთიერთობები


ამერიკა ბაჰრეინის ურთიერთობები

აშშ-ი მოუწოდებს ბაჰრეინის მთავრობას თავი შეიკავოს დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან

შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს ბაჰრეინის მთავრობას თავი შეიკავოს დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ამერიკის ოფიციალური პირები იმასაც აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებმა საკუთარი ხალხის ნებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი ბაჰრეინში ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრნენ. კლინტონის თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებიულია ბაჰრეინის მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.

თავდაცვის მდივანმა კი აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია ბაჰრეინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ამ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ვაშინგტონი ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს ხელი შეუწყოს.

ამერიკა-ბაჰრეინის ურთიერთობებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სუზან იოკი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტს ჯოშუა მურავჩიკს ესაუბრა. მურავჩიკის თქმით:

„ჩემი აზრით, თეთრმა სახლმა საბოლოო ჯამში გააცნობიერა როგორ უნდა მიუდგეს ახლო აღმოსავლეთს. ადმინისტრაციას ამ რეგიონის დემოკრატიზაციის მხრივ საშინელი პოლიტიკა ჰქონდა. განსაკუთრებით კი ბოლო 2 წლის მანძილზე ანუ მას შედეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ საკითხისთვის ზურგი შეექციათ. მაგრამ ეგვიპტეში დემონსტრაციების დაწყებისთანავე, პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გააცნობიერეს ამ საკითხის მნიშვნელობა. ეგვიპტეს დემონსტრაციების ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თეთრი სახლის პოლიტიკა უცვლელი იყო. კონკრეტულად კი ის ასპექტი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ხალხის სურვილს დაამყაროს დემოკრატიული მმართველობა.“

შეკითხვაზე, თუ რას შეიძლება აკეთებდეს თერთი სახლი იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი რეგიონის დემოკრატიზაციას, ბატონმა მურავჩიკმა განაცხადა:

„იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატორები გადატრიალების შედეგად მიდიან ხელისუფლებიდან, კიდევ გრძელი და რთული პროცესებია გასავლელი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებამ დემოკრატიული სისტემები შექმნას. ამას დიდი დრო სჭირდება და მოიცავს გაცილებით მეტ ძალისხმევას, ვიდრე მხოლოდ ერთი არჩევნების გამართვა. შეერთებულმა შტატებმა ხალხს უნდა ასწავლოს როგორ მართონ დემოკრატიული სისტემა. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამები, საჭიროა ხალხის ამერიკაში ჩამოყვანა და მათთან უნარებისა და გამოცდილების გაზიარება. დიქტატორულ გარემოში არ არსებობს თავისუფალი მედია, სასამართლო ან პარლამენტი. ჟურნალისტები ასეთ გარემოში მხოლოდ პროპაგანდის საშუალებად არიან გამოყენებული. სასამართლო ძირითად შემთხვევებში მმართველ კლასს უკავშირდება და არ არსებობს კანონის უზენაესობის განცდა. პარლამენტს რაც შეეხება, კანონმდებლების უმრავლესობა გარკვეული სახით დაკავშირებული არის მმართველ რეჟიმთან. შესაბამისად, კანონშემოქმედების პროცესი არის არაჯანსაღი და ძირითად შემთხვევებში, ემსახურება მხოლოდ ინდივიდუალური პორების ინტერესებს და არა ქვეყნის კეთილდღეობას. ამერიკამ სწორედ ეს უნდა გააკეთოს, რომ ქვეყნებს დაეხმაროს შექმნან გამართული სისტემები.“

ბატონი მურავჩიკი ადმინისტრაციას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

XS
SM
MD
LG