ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ძალადობა გაგრძელდება


ახლო აღმოსავლეთში ძალადობა გაგრძელდება
ახლო აღმოსავლეთში ძალადობა გაგრძელდება

ტუნისსა და ეგვიპტეში სახალხო აჯანყებების შედეგად ხელისუფლება საკმაოდ სწრაფად შეიცვალა. არაბული სამყაროს დიქტატორულ რეჟიმებში მცხოვრებ რეპრესირებულ ადამიანებს ოპტიმიზმის გრძნობა გაუჩნდათ.

ჩრდილოეთ აფრიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ხალხმა ტუნისისა და ეგვიპტეს მაგალითების გამეორება და საკუთარ ქვეყნებში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრება ისურვა, თუმცა ჯერ-ჯერობით წარუმატებლად. დიქტატორები, რომლებსაც ხალხი აუჯანყდა, ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებენ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებულ ძალას იყენებენ.

დალია ზიადა ადამიანის უფლებების დამცველი ეგვიპტელი აქტივისტი და ამერიკური ისლამური კონგრესის ჩრდილოეთ აფრიკის ბიუროს დირექტორია. მისი თქმით, ეიფორია, რომელიც ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო, ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რეგინოში. მისი აზრით, დემოკრატიული ცვლილებები შეიძლება არც ისე მალე მოხდეს, როგორც ბევრი იმედოვნებდა:

„კონფლიქტი ჩვენს იმედებსა და შიშს შორის დიდია. რევოლუციების შემდგომი მოლოდინი ძალიან დიდი იყო, ეგვიპტეს ადმინისტრაციამ ახლა ის უნდა მოახერხოს, რომ ეს მოლოდინები რამენაირად მართოს.“

რობინ რაიტი ჟურნალისტია, რომელიც ახლო აღმოსავლეთს 1973 წლიდან აშუქებს და ამჟამად ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში უფროსი მკვლევარია. მისი აზრით, დიდია ალბათობა იმისა, რომ არაბული სამყაროს მოსახლეობას დემოკრატიისა და თავისუფლების მოლოდინი გაუცრუვდეს:

„რეგიონში არც ერთ მთავრობას შესწევს უნარი, რომ ხალხის მოლოდინი გაამართლოს. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას ასევე პოლიტიკურ ვითარებას. რევოლუციის შემდგომი ემოციების დაცხრომის შემდეგ, სავარაუდო საჯარო უკმაყოფილება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.“

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს. ასევე გრძელდება დაპირისპირებები იემენში, სადაც ამბოხებული ხალხი პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვს. ბაჰრეინის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეშვეობით შიიტი მუსლიმების მიერ სუნიტი მონარქიის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ჩაახშო. სირიას რაც შეეხება, პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ისეთი მძიმე სამხედრო შეიარაღება გამოიყენა, როგორიცაა ტანკები.

არ ალ-აზმი სირიის საკითხების ექსპერტია. ამჟამად ის შოუნის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში ლექციებს კითხულობს. მისი თქმით:

„მიუხედავად იმისა, რომ ასადმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს დემონსტრაციების ჩახშობაში და ეგრეთ წოდებული, რეფორმების პროცესი დაიწყოს, ეს ყველაფერი წარუმატებლად დასრულდება. აქედან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის.“

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტში ექსპერტები ეცადნენ განესაზღვრათ თუ როგორი შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთი 5 წლის შემდეგ. მარტინ კრამერი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. მისი თქმით:

„დიქტატოების რაოდენობის შემცირება შედეგად ნახევარ-დემოკრატიების ჩამოყალიბებას გამოიწვევს, სადაც რეგიონალიზმი და სექტარული ურთიერთობები იქნება გამძაფრებული. ძალადობა ყოველისმომცველი გახდება და ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილო ჯგუფები მისგან გამოყოფას ეცდებიან.“

ანალიტიკოსების აზრით, ახლო აღმოსავლეთის დემოკტარიულ და მშვიდობიან რეგიონად ჩამოყალიბებას ათწლეულები და შესაძლოა თაობებიც დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG