ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული პატრონაჟი


ამერიკული პატრონაჟი
ამერიკული პატრონაჟი

ამერიკის ელჩი საქართველოში ჯობ ბასი შიდა ქართლში ომით დაზარალებულ სოფლებსა და გორს სტუმრობდა. მისი ამ ვიზიტისთვის უმთავრესი ბიძგი ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ გამუდმებული წერილები აღმოჩნდა, რომლებშიც დირექცია მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირებას ელჩისგან ითხოდა. ბოლო პერიოდში როგორც ტელეკომპანიის დირექტორი, ასევე ჟურნალისტები საუბრობდნენ ხელისუფლების მხრიდან მომდინარე პერმანენტული მუქარის ნაკადის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლისთვის, ჟურნალისტის ცემისთვის და ტელეკომპანიის დირექტორის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტების შესახებ ტელეკომპანიამ სამართალდამცავ სტრუქტურებს არაერთხელ მიმართა, ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე არ მისულა. გამოძიება არ დასრულებულა. „თრიალეთის“დირექციამ არაერთი წერილით მიმართა ამერიკის ელჩს და სთხოვა შუამდგომლობა ქართულ სამართალდამცავ სტუქტურებთან.

ჯონ ბასი ტელეკომპანია „თრიალეთს“ ეწვია და ისაუბრა ქართული მედიის შესახებ.

ამერიკის ელჩს საქართველოში აშფოთებს ფაქტი, რომელიც სატელევიზიო სივრცეში ინფორმაციის ერთგვაროვან გაშუქებას ეხება. ცენტრალური ტელევიზიების „ნიუსები“ ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. ელჩი მედიის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი ამბების სხვადასხვა ოთახში მომზადებული სიუჟეტები იმდენად იდენტურია, მას ეჭვიც კი უჩნდება, ხომ არ შეთანხმდნენ რედაქტორები წინასწარ. „რედაქტორები ან დეტალებს ერთმანეთს უთანხმებენ, ან მათ უბრალოდ, არ ყოფნით ფანტაზია განსხვავებული ინტერპრეტაციისთვის, რაც ვფიქრობ, ასე არ იქნება,“- ამბობს ჯონ ბასი. მან ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები მკვეთრად დიფერენცირებულები არიან. ჟურნალისტებს იმის მიხედვით აქვთ ოფიციალური პირის ჩაწერისა და ადმინისტრაციულ შენობებში შესვლისა და გადაადგილების უფლება, თუ სად მუშაობენ ისინი.

ტელეკომპანიის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ ელჩი თავად მიიღებდა გორში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას. იგი მის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იმედი აქვს, რომ ეს დაეხმარება ხელისუფლებას გააცნობიეროს საკუთარი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე.

ამერიკის ელჩი შიდა ქართლში ვიზიტისას ომით დაზარელებულ სოფლებსაც ეწვია. ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ არბოსა და ტირძნისში მეათე და მეთერთმეტე საუკუნის ეკლესიების რესტავრაციისთვის 49400 დოლარი გამოიყო. სამუშაოები ამ ეტაპზე დასრულებულია. ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს: „რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით რუსული ჯარი დგას. აქ კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ქართულთან ერთად ამერიკული ფულიც იხარჯებაო.“

ჯონ ბასის ვიზიტი შიდა ქართლში ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუმრობით დასრულდა. რამდენიმე წლის წინ ამერიკის საელჩოს დახმარებით ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხე მოეწყო და აღიჭურვა. თუმცა მოგვიანებით, ამერიკული ფულით შერემონტებული შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში მოყვა და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, გაიყიდა. მას შემდეგ ბიბლიოთეკას გადაბარგება ერთ-ერთ ფილიალში მოუხდა, სადაც ამერიკის კუთხე კვლავაც მოაწყვეს. ასე რომ, ამერიკის ელჩს, როგორც მფარველს, გორში მხოლოდ „თრიალეთში“ არ შეხვედრიან, მას ბიბლიოთეკაშიც ასევე ელოდნენ.

XS
SM
MD
LG