ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მომავალი ბუნდოვანია


საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია შესაძლოა აღარ გაიმართოს

სისხლიანი ომის დასრულების არანაირი ნიშნის პირობებში საშიშროება მატულობს სირიელი ერის გადარჩენასთან დაკავშირებით. ამერიკის ხმის კორესპონდენტის პამ დოკინსის ინფორმაციით, ზოგიერთი ანალიტიკოსი შეშფოთებას იმის თაობაზე გამოთქვამს, რომ ქაოსმა ერი შეიძლება ორად გახლიჩოს.

ემანუელ ოტოლენგი: ვფიქრობ რომ ნელ-ნელა იმ სიტუაციას ვუახლოვდებით, რომ სირია ორად გაიყოფა.

ასეთ საშიშროებაზე ვაშინგტონში მოქმედი დემოკრატიის დაცვის ფონდის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ანალიტიკოსი ემანუელ ოტოლენგი საუბრობს.
ამერიკის ხმასთან საუბარში ის ამბობს, ორ წელიწადნახევრიან არეულობას ასი ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ხოლო მილიონობით სირიელი ლტოლვილი გახდა, რაც ქვეყნის თავიდან გაერთიანების შესახებ იმედს ბუნდოვანს ხდის.

ემანუელ ოტოლენგი: ქვეყანა სერიოზულად განადგურდა. სექტანტური ძალადობა და ამის ნიადაგზე შურისძიების სურვილი მაფიქრებინებს რომ იმის მიუხედავად, არსებული რეჟიმი გაიმყარებს თუ არა პოზიციას, ან საწინააღმდეგოდ, მეამბოხეები შეძლებენ თუ არა ასადის ხელისუფლების დამარცხებას, არ არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყანა გაერთიანებას ისევ შეძლებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი დენიელ სერვიერი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

ის ამბობს რომ სირია „ ღამის კოშმარად“ იქცა, რაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს.

დენიელ სერვიერი: ერთ-ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებაა რეგიონში, სხვანაირად რეგიონი დაპირისპირებას ვერ გაუძლებს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, გასულ თვეს შეერთებულმა შტატებმა სირიის მეამბოხეებისთვის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადება გააკეთა.
სერვიერი ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ ჩამოიშლება, პრეზიდენტი ბარაკ ობამა კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო დახმარების გაწევისთვისაც უნდა მოემზადოს.

დენიელ სერვიერი: შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ობამამ გაიღვიძოს და თქვას, რომ სამხედრო დაპირისპირება სირიის დანაწევრებას და საზღვრების შეცვლას გამოიწვევს, რაც შესაძლოა თურქეთისთვის რისკის შემცველი იყოს. საფრთხე შეექმნება ერაყსაც. ობამამ შეიძლება განაცხადოს, რომ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, რაღაცა უნდა იღონოს.

ამდენად , როგორც ექსპერტი ფიქრობს, ობამას ადმინისტრაცია ნამდვილად არის დაინტერესებული იმით, რომ სირიის საკითხი პოლიტიკურად იქნას მოგვარებული.

დენიელ სერვიერი: თუკი სირიაში სამხედრო ბალანსი არ შეიცვალა, საკითხის პოლიტიკური მოგვარება მოსალოდნელი არ არის. ოპოზიცია უნდა გაძლიერდეს და აიძულოს ბაშარ ალ-ასადი რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს.

საერთაშორისო ძალისხმევა რომელიც დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, ახლა ჩიხშია შესული.

მაისის თვეში რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვის თაობაზე განცხადება გააკეთეს.

ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ კონფერენცია ჟენევაში ივნისი თვეში გაიმართებოდა. თუმცა შემდეგ ის ივლისისთვის გადაიდო, ახლა კი საუბარია, რომ კონფერენცია აგვისტოს ბოლოს შეიძლება შედგეს.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები სირიის ოპოზიციას უჭერს მხარს, ხოლო რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მეკავშირეა.
XS
SM
MD
LG