ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო ომის უცნობი ფოტოგრაფი


სამოქალაქო ომის უცნობი ფოტოგრაფი
სამოქალაქო ომის უცნობი ფოტოგრაფი

ვერმონტელი ფოტოგრაფი - ჯორჯ ჰაფტონი - ჯარის ქვედანაყოფებს თან დაჰყვებოდა და ამერიკის სამოქალაქო ომის არაერთ შთამბეჭდავ ფოტოგრაფიულ დოკუმენტს ქმნიდა. ისტორიკოსის, დონ ვიკმანის, თქმით, ჰაფტონს უფრო მეტად ჯარისკაცების ჩვეული, ყოველდღიური ცხოვრება აინტერესებდა, ამიტომ მისი ფოტოები ნაკლებად სენსაციური და შესაბამისად - ნაკლებად ცნობილი - იყო.

მისი ფოტო-კომპოზიციები სრულიად უნიკალურია. თითქმის ყველაფერი ის, რასაც ახლა ფოტო-სკოლებში გადიან, სურათის მესამედებად დაყოფით დაწყებული და ხედვის ხაზით დამთავრებული, ჰაფტონს ჯერ კიდევ 1859-1860 წლების ფოტოებში ჰქონდა გამოყენებული“. - აღნიშნავს ავტორი.

სამოქალაქო ომის დასაწყისში, 1861 წელს, ჰაფტონი ვერმონტის ქალაქ ბრატელბოროში საკუთარ ფოტო-სტუდიას ამუშავებდა. ომის პირველივე დღეებში ის მოხალისედ ჩაეწერა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაიწუნეს. მაშინ ჰაფტონმა გადაწყვიტა ჯარისკაცებს ფოტოაპარატით ვირჯინიაში გაჰყოლოდა, რითაც, წიგნის ავტორის თქმით, ამერიკულ და შესაძლოა არამარტო ამერიკულ ფოტო-ჟურნალისტიკას ჩაუყარა საფუძველი.

1812 წლის კონფლიქტებიდან დაწყებული, საფრანგეთის რევოლუცია იქნება ეს თუ იდიელთა ომები, ფოტოგრაფია ჯერჯერობით არსად ფიგურირებდა. ზეთის საღებავი, აკვარელი, კალამი და მელანი კი - რამდენიც გნებავთ. ამ მეთოდით შექმნილი ნამუშევარი უფრო ხელოვანის ხედვა, მისი ინტერპრეტაცია იყო, ვიდრე ფოტო-დოკუმენტალისტიკა. ჰაფტონმა კი რეალობა საოცარი სიზუსტით დააფიქსირა და ომის სცენები ერთ-ერთმა პირველმა გააცნო სამყაროს“ - ამბობს ბატონი ვიკმანი.

ავტორმა ჰაფტონის 100-ზე მეტ ნამუშევარს მოუყარა თავი და ერთ წიგნად გამოსცა, რომელსაც სახელად „ძალზე დახვეწილი წარმოჩენა“ უწოდა. ახალ გამოცემაში ფოტოგრაფის დღიურიდან და ვერმონტელი ჯარისკაცების წერილებიდან ნაწყვეტებიც არის შესული. სამხედრო ბანაკები სამკუთხა კარვების რიგით, გაცვეთილი, მტვრიანი ჩექმები, თანამებრძოლების დაკრძალვა, იშვიათი შესვენებების დროს დაფიქსირებული დაღლილი თვალები... ფოტოები ძალზე გამომხატველად გვიჩვენებს ახალგაზრდა ჯარისკაცების ქანცგაწყვეტილ სახეებს.

წიგნს ჰაროლდ ჰოლზერის, ამერიკის სამოქალაქო ომის ცნობილი ისტორიკოსის, წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული. მისი თქმით საუკუნენახევრის წინ გადაღებული ფოტოები და მოგონებები შეერთებული შტატების ისტორიისთვის ფასდაუდებელ სიმდიდრეს წარმოადგენს და მათი შთამომავლობისთვის ასე უზადოდ შემონახვა ლამის მისტიკის სფეროში გადადის. ის, რომ ფოტოგრაფი აქამდე უცნობი იყო ისტორიისთვის, იმ ფაქტს უნდა დავაბრალოთ, რომ ჰაფტონი ამერიკის მთავარი მედია-მეგაპოლისებიდან ძალზე შორს, ვერმონტში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

წიგნის ავტორი იმედოვნებს, რომ მისი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ფოტოგრაფი ამერიკის ისტორიაში და ფოტო-ჟურნალისტიკის განვითარებაში კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს.

XS
SM
MD
LG