ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა


დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ცნობით, დისკრიმინაციისა და საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო ქალებსა და ბავშვებს მკურნალობის უახლესი მეთოდებისა და სოციალური დაცვის მოპოვება უჭირთ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჟენევიდან იუწყება, UNICEF-ი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაააქტიუროს საქმიანობა რათა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში დაავადებული პირებისთვის სამკურნალო პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

UNICEF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადასვლის თავიდან აცილების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. UNICEF-ის შიდსის პროგრამის ხელმძღვანელი ჯიმი კოლკერი აღნიშნავს, რომ 2015 წლისთვის დედიდან ბავშვზე შიდსის გადასვლის შემთხვევები შეიძლება საერთოდ აღმოიფხვრას. ამასთან დაკავშირებით კოლკერმა აღნიშნა:

„ვფიქრობ ისეთ რთულ ქვეყნებშიც კი როგორიც არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ პრობლემის გადაჭრა ტექნოლოგიური ან ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შესაძლებელია. არ მიმაჩნია მართებულად როცა ზოგჯერ გაისმის მოსაზრება, რომ ამ მხრივ გარკვეული ქვეყნები თითქოსდა ნაკლებად წარმატებულები არიან. თითქმის ყველა ქვეყანაში სახეზეა პროგრესი, განსაკუთრებით ნიგერიაში. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გაფართოვდა და სამედიცინო დახმარების ხარისხიც გაუმჯობესდა. ამას გარდა გაიხნსა სამედიცინო დაწესებულებები სადაც ბავშვების მოვლას სთავაზობენ და იქ დედებისა და ბავშვების რეგისტრაცია დღითიდღე იზრდება.“

მართალია სამედიცინო პროგრამებმა ბევრ ბავშვს უშველა, UNICEF-ის ცნობით მილიონობით დედა და ბავშვი კვლავინდებურად სამედიცინო დახმარების გარეშე რჩება.

ეს უწინარეს ყოვლისა უკავშირდება იმ არათანასწორუფლებიანობას, რომელიც სქესით, ეკონომიკური და სოციალური სტატუსით, გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობითა და განათლების დონით განისაზღვრება. ანგარიშში ნათქვამია, რომ აუცილებელია ხსენებული დაბრკოლებების აღმოფხვრა რათა ქალებმა და ბავშვებმა შიდსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული სამედიცინო დახმარება მიიღონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე რეგიონში ყოველ დღეს დაახლოებით 1,000 ბავშვი დედისგან შიდსის ვირუსს იძენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვებისა და ქალების ანტი-რეტროვირუსული თერაპიით მკურნალობის დირექტივები გამოაქვეყნა. ამით უფრო მეტმა შიდსით ინფიცირებულმა ბავშვმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიიღო.

თუმცა კოლკერი აღნიშნავს, რომ გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვების მკურნალობა მიღებულ სტანდარტებს კვლავინდებურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

UNICEF-ის განცხადებით დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის კატეგორიაში იმ დაავადებული ბავშვების რიცხვი, რომლებიც ანტი-რეტროვირუსულ მკურნალობას გადიან, განუხრელად იზრდება. თუმცა ანტი-რეტროვირუსული თერაპია ბევრისთვის კვლავინდებურად ხელმიუწვდომელი რჩება. ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც ანტი-რეტროვირუსული თერაპია ამჟამად 1.27 მილიონ ბავშვს სჭირდება. მათგან მხოლოდ 28 პროცენტი ღებულობს მას.

შიდსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ შიდსის ვირუსით ინფიცირება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში ან კლებულობს ან იმავე დონეზე რჩება. თუმცა UNICEF-ი აცხადებს, რომ მოზარდების ინფიცირება უფრო ხშირია იმის გამო, რომ მათ დაავადების თავიდან აცილების შესახებ არ იციან და მისგან დაცვის საშუალებები მათთვის კვლავინდებურად ხელმიუწვდომელია.

UNICEF-ის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ შიდსისგან თავისუფალი თაობების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია იმ არათანასწორუფლებიანობის აღმოფხვრა, რომელიც ეპიდემიას ასაზრდოებს.

XS
SM
MD
LG