ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ერგენეკონის" საქმეზე უნდობლობა იზრდება


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში თურქეთში მიმდინარე ხმაურიანი სასამართლო პროცესის სამართლიანობის შესახებ ეჭვები გამოითქვა

ხელისუფლების დამხობის მიზნით თურქი სამხედროების სავარაუდო შეთქმულების შესახებ სასამართლო პროცესი არამხოლოდ თურქეთის, არამედ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც კრიტიკის საფუძველი გახდა. ორიენტირი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქო კონტროლისთვის დაექვემდებარებინა, თუმცა მღელვარება სწორედ მას შემდეგ გაიზარდა, რაც აღმოჩნდა რომ მთავრობა ამ სასამართლო საქმით საკუთარი ოპოზიციის წინააღმდეგ ილაშქრებს.

აპრილის დასაწყისში, სტამბოლის გარეთ მდებარე სილივრის ციხესთან შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. მათ წინააღმდეგ ასევე სი-ესის მხუთავი გაზი გამოიყენა. ისინი „ერგენეკონის შეთქმულების“ საქმეზე დაკავებულების გასამხნევებლად იყვნენ შეკრებილი. ეჭვმიტანილები ამჟამად სწორედ სილივრის ციხეში იმყოფებიან.

ერგენეკონის სასამართლო პროცესი დაწყებისთანავე, შეფასდა როგორც ისტორიული პროცესი თურქეთის პრო-სეკულარული არმიის მაღალჩინოსან სამხედროთა მონაწილეობით, რომლებიც თურქეთის ისლამისტური ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით შეთქმულებას აწყობდნენ. თუმცა ხუთი წლის შემდეგ, პროკურორები უფრო შორს წავიდნენ და ბრალი სამხედროების გარდა კიდევ 275 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები და მეცნიერები.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური, რესპუბლიკური ხალხის პარტიის წარმომადგენელი ბედრი ბეიკამი, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ კამპანიაშია ჩართული ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ბედრი ბეიკამი: საქმეში არ არსებობს კონკრეტიკა ან რაიმე სამხილი, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ იმუშავებდა. „ორმოცი, ორმოცდაათი წლის ადამიანები ყველაზე პროდუქტიულ ასაკში, საკუთარ ოჯახებს, საქმეს, სამსახურს დააშორეს. რამდენი რამ ხდება 2013 წელს, თუმცა მსოფლიომ ამოირჩია სამი მაიმუნის თამაში - რომ თითქოს არ დაუნახავთ, არ გაუგიათ და არ სურთ საუბარი.“-ამბობს ის.

თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ თემაზე შეშფოთების გამოხატვას უკვე იწყებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია ბევრი ბრალდებულის წინასაპატიმრო დაკავების ხანგრძლივობის შესახებ. ამ საქმეს ჰუმან რაითს ვოჩის“ ნიუ იორკის ოფისიც აკრიტიკებს, რომელიც საქმის განხილვის სამართლიანობას ეჭქვეშ აყენებს.

თურქული გაზეთის „ზამანი დღეს“ პოლიტიკური მიმომხილველი, ლელე კემალი, სასამართლო პროცესამდე ეჭვმიტანილების წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადების შესახებ ყურადღებას ამახვილებს. თუმცა ის ამბობს რომ, ამის მიუხედავად ერგენეკონის სასამართლო მნიშვნელოვან როლს თამაშობს თურქეთის დემოკრატიზაციის პროცესში, რადგან ანტი-დემოკრატიული ძალები ანგარიშვალდებული არიან ამ პროცესებში.

ლელე კემალი: თუ ნამდვილად სურთ ქვეყანაში დემოკრატიის სტაბილურობა, მაშინ თურქეთში უკანონო გადაწყვეტილებების საკითხი უნდა მოაწესრიგონ. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თუ ხელისუფლების მთავარი ვალდებულება, რათა დასრულდეს თურქეთის პოლიტიკაში თურქი სამხედროების ჩარევის პროცესი.

ტრადიციის მიხედვით, 1960 წლიდან თურქეთის არმია პოლიტიკაში ერთვება. მათ ძალით აიძულეს მთავრობა რომ ოთხი არჩევნები ჩაეტარებინა. თურქული გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი კადრი გურსელი ამბობს რომ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე სასამართლოს ჩატარების მიზანი გამართლდა, პროცესი ბევრად დახურულად მიმდინარეობს.

კადრი გურსელი: არსებობდნენ იატაკქვეშ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ გამოეწვიათ სახელმწიფო გადატრიალების იდეა. თუმცა ეს გადაიქცა იდეოლოგიურ დევნაში, გასამართლებაში. ეს ყველა იმ ადამიანის მიმართ ხორციელდებოდა რომლებიც უბრალოდ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენენ. „ახლა, ამ სასამართლო პროცესით ცხადი გახდა რომ იუსტიციის სისტემა არის ძალიან პოლიტიზირებული. პრობლემატურ სასამართლოებზე დემოკრატიის შენება შეუძლებელია.“-ამბობს ის.

ხელისუფლება ამტკიცებს რომ, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ერგენეკონის სასამართლო პროცესის დაცვას განაგრძობს. თუმცა თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჰასიმ კილიჩმა გასულ კვირას აღიარა რომ საზოგადოების უკმაყოფილება სასამართლო სისტემის პოლიტიზირებამ გამოიწვია.

ჰასიმ კილიჩი: სასამართლო სისტემას გადარჩენის შანსი აღარ დარჩება თუკი სასამართლო გარკვეული იდეოლოგიის ადამიანების დაცვას და ამასთან სხვათა უფლებების უგულვებელყოფას გააგრძელებს. უპატიოსნო სასამართლო მძიმე საკითხია - ამბობს ის, და ამატებს რომ, სამართლიანობა ყველასათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს სასამართლო სისტემის წევრებისთვის უნდა იყოს.

როგორ გაითვალისწინებს ამ გაფრთხილებას სასამართლო სისტემა, ამას როგორც მიმომხილველები ამბობენ ერგენეკონის საქმემ უნდა აჩვენოს. ეს პროცესი ან დემოკრატიის ახალი ერის დასაწყისი გახდება ან ერთი ავტორიტარული სისტემიდან მეორეში გადასვლის ნიშანი.
XS
SM
MD
LG