ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიის საკითხებზე შეშფოთებას გამოთქვამს


კვირას სირიის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობამ 120 ადამიანი შეადგინა

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი წუხილს გამოთქვამს სირია-თურქეთის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო და აღნიშნავს, რომ სიტუაცია ლიბანთან დაკავშირებითაც „ექსტრემალურ საფრთხეს“ შეიცავს. თურქეთმა სირიის მხრიდან განხორციელებულ შეტევაში 5 თურქი მოქალაქის დაღუპვას აგრესიულად უპასუხა და სირიის მიმართულებით საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

გაეროს ხელმძღვანელი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის ხელისუფლების და ოპოზიციური ძალების მიმართულებით იარაღის დიდძალი ნაკადი მიედინება. მან დაპირისპირებულ მხარეებს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნისკენ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის გასული წლის მარტში დაწყებული კრიზისის დაძლევის „ერთადერთი გზა“.

კვირას სირიის ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობამ 120 ადამიანი შეადგინა, იუწყება ბრიტანეთში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაცია. მათი მონაცემები სირიელი ექიმებისგან, აქტივისტებისგან და იურისტებისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
XS
SM
MD
LG