ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში 1,4 მილიარდი ადამიანი სიმსუქნით იტანჯება


გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ახალი კველვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მსოფლიოში დაახლოებით 870 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გლობალური შიმშილის, საკვების ნაკლებობის, სიმსუქნის პრობლემების მოგვარება ერთობლივად მსოფლიოს ტრილიონებით დოლარი უჯდება - ჯანდაცვის სფეროს და წარმოების დანაკარგები ხარჯების გაღების თვალსაზრისით. ასეთი ანგარიში გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. ახალი ანგარიშის თანახმად შიმშილთან ბრძოლისთვის გაღებული ძალისხმევა არასაკმარისად არის შეფასებული. საკვების ნაკლებობის თაობაზე მუშაობის დროს ცხადი გახდა, რომ საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება მთლიანად კვების სისტემაში - ფერმიდან ჩანგლამდე.

გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 870 მილიონი ადამიანი შიმშილობს. თუმცა საკვების ნაკლებობა უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე შიმშილობა, აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი კოსტას სტამულისი.

კოსტას სტამულისი: მსოფლიოში დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი აუცილებელი ვიტამინების და მინერალების დეფიციტს განიცდის. ხუთ წლამდე ასაკის, ოთხიდან ერთი ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება , ხოლო 1,4 მილიარდი ადამიანი ზედმეტი წონისგან იტანჯება.

ახალ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ამ პრობლემებმა საერთო გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლები წელიწადში 5%-ით შემცირედა, რაც თანხობრივად 3, 5 ტრილიონი დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 40-მდე ქვეყანამ შიმშილობის მაჩვენებელი ნახევრამდე შეამცირა, მაინც გრძელი გზა არის გასავლელი საკვებთან დაკავშირებული პრობლემის სრულად მოსაგვარებლად.
სტამულისი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, ის არის, რომ ჯანსაღი კვება მსოფლიოს პრიორიტეტი არ არის.

კოსტას სტამულისი: უფრო მეტი ძალისხმევა იქნა გაწეული ხალხისთვის საჭირო საკვების რაოდენობის მიწოდების თვალსაზრისით, რაც საკვების ნაკლებობის პრობლემას ხნის. თუმცა ამასთან დაკავშირებით ცოტა მეტი კოორდინაცია და ფოკუსირება არის საჭირო.

ამ საკითხის მოგვარება ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახდა. ამისთვის კვების სფეროში არსებული ყველა მოთამაშის ჩართვაა საჭირო. მათ შორის უნდა იყვნენ ფერმერები, საკვების გადამამუშავებელი საწარმოები, მომხმარებლები და სამთავრობო სააგენტოები, აცხადებს გაეროს კვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსის მოადგილე დენიელ გუსტაფსონი.

დენიელ გუსტაფსონი: ყველას უნდა ჰქონდეს საკვებთან დაკავშირებული მიზნები და მოლოდინი სამუშაოების ჩატარების დროს. მოტივაცია ცვლილებების მოლოდინით უნდა იქმნებოდეს.

ჩასატარებელ სამუშაოებში უნდა შევიდეს დივერსიფიცირებული რაციონის შემუშავება, ისეთი სასარგებლო პროდუქტის წარმოების განვითარება, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული. ასევე, აუცილებელია საკვები პროდუქტების ნარჩენების გადამუშავებაც, რომელიც მსოფლიოში წარმოებული პროდუქტის მესამედს შეადგენს.

სტამულისი საკვების თანამედროვე გადამუშავების ტექნოლოგიებს, შეფუთვას და დაფასოებას იწონებს. ეს საკვების ხელმისაწვდომობის მასშტაბებს ზრდის, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომობა არაჯანსაღ საკვებზეც იზრდება, რაც სიმსუქნის განვითარებას უწყობს ხელს.

საბოლოო ჯამში, სტამულისი ამბობს, რომ მომხმარებლები ჯანმრთელი საკვების წარმოების საკვანძო რგოლს წარმოადგენენ.

კოსტას სტამულისი: საკვების სწორად წარმოება და დამუშავება დივერსიფიცირებული რაციონის შექმნის საშუალებას იძლევა. თუმცა თუ ეს სფერო არ განვითარდა ის გავლენა და შედეგი, რასაც მოველით ძალიან დაბალი იქნება.

მისი განცხადებით, მაქსიმალური შედეგის მიღება ამ კუთხით მომხმარებლების ინფორმირებულობით და განათლებით იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG