ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო მსოფლიოს სირიელების დახმარებისკენ მოუწოდებს


2013 წლის ბოლოსთვის სირიელი დევნილების რიცხვი 3.5 მილიონს მიაღწევს

სხვადასხვა შეფასებებით სირიელი დევნილების რიცხვი წლის ბოლოს 3.5 მილიონს მიაღწევს. პარასკევს გაერომ 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, რაც დევნილთა მდგომარეობის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. გაეროს პროექტი დახლოებით 10 მილიონ სირიელზეა გათვლილი, რაც უხეში გათვლებით მთელი მოსახლეობის ნახევარია. თუკი, კონფლიქტის დასასრულებლად არანაირი პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაიდგა, ეს ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იქნება. მათ დასახმარებლად გაერო სხვადასხვა ოპერაციებისთვის 4.4 მილიარდი დოლარის მოძიებას აპირებს. ასევე იორდანიის და ლიბანის მთავრობებმა ცალკე მოითხოვეს 830 მილიონი დოლარი, რათა ამ თანხით მათ ტერიტორიებზე განთავსებულ დევნილებს დაეხმარონ. გაეროს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში ანტონიო გუტერესი საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„უკვე ცხადია, რომ კონფლიქტი გადადის ერაყის და ლიბანის ტერიტორიებზე. იორდანიაში ეხლა ძალზედ მყიფე ეკონომიკური მდგომარეობაა. ახლო აღმოსავლეთში ვითარების აფეთქების რისკი მაღალია, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოება მზად არ არის. ამ ვითარებაში ჩვენ დევნილთა კრიზისის მოწმენი ვხდებით,“ - ამბობს გუტერესი.

მისი თქმით, ამ დროისთვის მეზობელ ქვეყნებში 1.6 მილიონი დევნილია თავშეფარებული. მათი რაოდენობა წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ 3.5 მილიონს მიაღწევს. გაეროს შეფასებით თავად სირიის შიგნით 6, 8 მილიონი ადამიანია ადგილნაცვალი, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ დაუყოვნებლივი დახმარება. სულ საერთო ჯამში მოთხოვნილი თანხა 5 მილიარდ დოლარს აღემატება. გუტერესი ამბობს, რომ ქველმოქმედების სურვილი ნაკლებად იგრძნობა.

„ეს არის დაახლოებით ის თანხა, რასაც ამერიკელები ნაყინში ხარჯავენ 32 დღის მანძილზე, რასაც ავსტრალიელები ხარჯავენ 10 კვირიანი მოგზაურობის დროს და რასაც გერმანელი მძღოლები ხარჯავენ ბენზინში 6 კვირაში,“ - ამბობს გუტერესი.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი ვალერია ამოსი აცხადებს, რომ სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 80 ათასს გადააჭარბა.
„სირიელი ხალხი, სირიაშიც, ლიბანშიც, თურქეთშიც და იორდანიაშიც გვეკითხება, თუ რატომ გაწირა ისინი მსოფლიომ,“ - ამბობს ამოსი.

გაერო აღნიშნულ პრობლემის დაყენებას მთავრობებთან ერთად ბიზნესკორპორაციების და მდიდარი ადამიანების წინაშეც აპირებს. ხუთშაბათს ევროკავშირმა 530 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG