ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როტაცია გაეროს უშიშროების საბჭოში


როტაცია გაეროს უშიშროების საბჭოში

გაეროს უშიშროების საბჭოში ხუთი ახალი არამუდმივი წევრი აირჩიეს. ესენი არიან გერმანია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, კოლუმბია და პორტუგალია.

ისინი ახალი წლიდან შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას ორი წლის ვადით. გაეროს უშიშროების საბჭოს არა მუდმივ წევრებს რეგიონების მიხედვით ირჩევენ. წელს აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის რეგიონებიდან ინდოეთმა, სამხრეთ აფრიკამ და კოლუმბიამ უპრობლემოდ დაიკავეს თავიანთი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონს. აქ სამი ქვეყანა იბრძოდა ორი ადგილისთვის. გერმანია, კანადა და პორტუგალია. გერმანიამ არჩევნების პირველივე ტურში დააგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი 128 ხმა. რაც შეეხება კანადას და პორტუგალიას მათ შორის გამარჯვებული ვერც მეორე ტურმა გამოავლინა, მესამე ტურში კი კანადამ მოხსნა თავისი კანდიდატურა და პორტუგალიაც ხმათა დიდი უმრავლესობით გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი წევრები მონაწილეობას მიიღებენ გაეროს სამშვიდობო მისიების ბედის განსაზღვრაში, სხვადასხვა სანქციების დაწესებაში და თავიანთ წვლილს შეიატანენ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟოაო კრავინოს განცხადებით:“ ჩვენი კამპანია დაფუძნებული იყო იმ იდეაზე, რომ პატარა და საშუალო ზომის ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი ხმა გაეროს უშიშროების საბჭოში.“

თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ აღნიშნა რომ მისი ქვეყნის არჩევა ამ ორგანიაზაციაში საერთაშორისო საზოგადოების მიერ გერმანიისადმი გამოხატული ნდობის დადასტურებაა.

ინდოეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობის გაფართოებას ითხოვს. გაეროში ინდოეთის ელჩის ჰარდიპ სინგჰ პურის განცხადებით ორ წლიან მოღვაწეობას გაეროს უშიშროების საბჭოში ინდოეთი სწორედ ამ მიზნით გამოიყენებს.

მისი თქმით:“ ჩვენ კაცობრიობის ერთი მეექვსედის წარმომადგენლები ვიქნებით უშიშროების საბჭოში. ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობის 63 წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია და სამშვიდობო ოპერაციებში ვიღებთ მონაწილეობას.“

სამხრეთ აფრიკა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბრუნდა ორ წლიანი შესვენების შემდეგ. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით სამხრეთ აფრიკა ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს, რათა აფრიკის კონტინენტი მშვიდობის უსაფრთხოების და განვითარების სივრცედ გადაიქცეს.

2011 წლიდან გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი წევრები ბრაზილიას, ნიგერიას, ლიბანს, გაბონს და ბოსნია-ჰერცეგოვინას შეუერთდებიან ამ ორგანიზაციაში ხუთ მუდმივ წევრთან ერთად, რომლებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

XS
SM
MD
LG