ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ყირიმში იმყოფება


რუსეთის პრემიერი ყირიმის მომავალი მოწყობის საკითხებზე ჩასულ რუს ოფიციალურ პირთა დელეგაციას ხელმძღვანელობს

დმიტრი მედვედევი ყირიმში ჩავიდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ნახევარკუნძულის განვითარების შესახებ ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

მედვედევი ამბობს, რომ რუსეთი ყირიმში საგანგებო ეკონომიკურ ზონას შექმნის, რომელიც ნახევარკუნძულზე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უზრუნველყოფს. ამისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესდება მოგების დაბალი გადასახადი და გამარტივდება რეგულაციები. მედვედევი ყირიმის მოსახლეობას პენსიების და ხელფასების გაზრდასაც დაპირდა.

კვირას პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჯონ კერის განცხადებით, რუსული არმიის ქვედანაყოფები ყირიმში „შიშის გარემოს“ ქმნიან და მათი იქ ყოფნა დიპლომატიას ხელს არ უწყობს. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს. სერგეი ლავროვმა ყირიმში მყოფ ჯართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა დაერწმუნებინა შეერთებული შტატები იმაში, რომ საზღვარზე მყოფი რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ გადავლენ.
XS
SM
MD
LG