ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს ხმაურიანი სასამართლო პროცესი


კიევის სასამართლოში გამოცხადებაზე ტიმოშენკომ უარი განაცხადა

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს მკვლელობაში ადანაშაულებენ. მან უარი განაცხადა კიევის სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მიეცა.
პოლიციამ სასამართლოში შეკრებილი ტიმოშენკოს მომხრეები ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან. ტიმოშენკოს პარტიის აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკური მიზნებით არის შეთითხნილი.
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო უკვე იხდის 7 წლიან სასჯელს. კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ ქალბატონ ტიმოშენკოს 2 ათასი დოლარის ჯარიმა დააკისრა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო. მას 16 წლის წინ უკრაინის პარლამენტის წევრის მკვლელობაში ედება ბრალი.
სასამართლოზე პროკურორმა იგორ პუშკარმა ამგვარი განცხადება გააკეთა:“ ის განცხადება, რომ თითქოს ტიმოშენკომ დღეს ორის ნახევარზე თანხმობა განაცხადა სასამართლოში გამოცხადებულიყო, უბრალოდ დროის გაყვანად მიმაჩნა.’’
თუმცა ტიმოშენკოს ადვოკატი სერგეი ვლასენკო აცხადებს, რომ მის კლიენტს სასამართლოში ჩვენების მიცემა სურს:“ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა არაერთხელ განაცხადა და წერილობითაც დაადასტურა, რომ მზად არის სასამართლოში გამოცხადდეს, მაგრამ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ ტიმოშენკომ საჯარო განცხადება გააკეთოს.“
იანვარში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ტიმოშენკო 1996 წელს დეპუტატ ევგენი შჩერბანის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბრალდების მთავარი მოწმის ვინაობა დღემდე უცნობია.
ქალბატონ ტიმოშენკოს გადასახადების დამალვაშიც დასდეს ბრალი, თუმცა ის ზურგის ტკივილის გამო არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. იულია ტიმოშენკოს მომხრეების განცხადებით, ეს საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის განადგურებას ისახავს მიზნად, რასაც იზიარებს შეერთებული შტატები და ევროკავშირი.
ამ კვირის დასაწყისში ტიმოშენკოს დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვალერი ივაშჩენკომ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო დანიაში. მას კორუფციაში ედება ბრალი.
იულია ტიმოშენკოს მეუღლემ ალექსანდრ ტიმოშენკომ ჩეხეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. ევროკავშირმა გააფრთხილა უკრაინა, რომ ტიმოშენკოს ციხეში ყოფნა და რეფორმების კურსის შეცვლა უარყოფითად იმოქმედებს პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. უკრაინის ხელიუსუფლება აცხადებს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში დამოუკიდებელია და ტიმოშენკოს საქმის გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG