უკრაინის პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც 2018 წელს მოხდა მისი "გატაცება და ძალადობრივი ქმედებები" მის მიმართ, რასაც შედეგად მოჰყვა "მისი უკანონო დეპორტაცია" პოლონეთში.
მაისში უკრიანის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მოქალაქეობა საქართველოს ექსპრეზიდენტს თითქმის ორი წლის წინ ჩამოართვეს და მას მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით ქვეყანა დაატოვებინეს. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი კიევში დააკავეს და აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც პოლონეთში გაფრინდა. რამდენიმე დღის შემდეგ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის დაცვის უწყებამ ქვეყანაში შესვლა სამი წლით, 2021 წლის თებერვლამდე აუკრძალა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრიანის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, როდესაც პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა. ოფიციალურმა თბილისმა კი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა ორმაგი მოქალაქეობის ქონის უფლებას ზღუდავს. მოგვიანებით, 2016 წლის ნოემბერში, ის პოროშენკომ გუბერნატორის პოსტიდან მას შემდეგ გადააყენა, რაც კორუფციისა და რეფორმების საკითხზე მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა.
Facebook Forum