ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მძიმე ბრძოლები დაიწყო


ხელისუფლების ცნობით, დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე სამხედროებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს

აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სადაც სამთავრობო ძალები იმ პრო-რუსულ სეპარატისტებს დაუპირისპირდნენ, რომლებმაც ქალაქ დონეცკის აეროპორტის ნაწილი დაიკავეს. ხელისუფლების ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეიარაღებული ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედროებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მსხვერპლის ან მიყენებული ზიანის შესახებ დადასტურებული ცნობები არ არსებობს.

უკრაინის სამხედრო უწყების პრეს-მდივანმა ვლადისლავ სელეზნიოვმა ორშაბათს თქვა, რომ სუ-25 გამანადგურებელმა გამაფრთხილებელი გასროლები მოახდინა, რის შემდეგაც მიგ-29 ტიპის გამანადგურებელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა. თვითმხილველთა ცნობით, ორშაბათს მოგვიანებით, ამბოხებულების მისამართით, უკრაინულმა მი-24 ტიპის შვეულმფრენმაც ისროლა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აეროპორტში მედესანტეები განალაგეს. თვითმხილველებმა ძლიერი სროლის და აფეთქებების შესახებ განაცხადეს. დედაქალაქ კიევში, საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარად გამარჯვებულმა პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ივნისის დასაწყისში რუსეთის ლიდერებს შეხვდება და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში სტაბილურობის აღსადგენად მოსკოვის მონაწილეობა იქნება საჭირო. პოროშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, იმედოვნებს, რომ რუსეთი „აღმოსავლეთში სიტუაციის დალაგების მცდელობებს მხარს დაუჭერს.“

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა იმ სეპარატისტებთან დასალაპარაკებლად, რომლებმაც იარაღი დაყარეს, მაგრამ არ შეხვდება „ტერორისტებს“ რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაემუქრნენ.
პოროშენკომ ასევე თქვა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რეგიონის დასაბრუნებლად ყველა კანონიერ გზას მიმართავს.
XS
SM
MD
LG