ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობა უარს აცხადებს რუსეთის ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებაზე


ბრიტანეთის მთავრობა უარს აცხადებს გამოაქვეყნოს ანგარიში, სადაც დემოკრატიულ პროცესში რუსეთის ჩარევაზეა საუბარი. მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, დეკემბრის საყოველთაო არჩევნების წინ, მთავრობა არ გეგმავს მის გასაჯაროებას. ეს ნაბიჯი ეჭვებს აღრმავებს, რომ ანგარიშის მიგნებები შესაძლოა კონსერვატიული პარტიისთვის დამაზარალებელი აღმოჩნდეს.

ანგარიში პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მარტში შეადგინა და პრემიერ მინისტრს დასამტკიცებლად 17 ოქტომბერს გაადაუგზავნა. მთავრობის თქმით, ანგარიშის გამოსაქვეყნებლად უსაფრთხოების სამსახურის თანხმობაა საჭირო. თუმცა კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც ანგარიშის ავტორია აცხადებს, რომ დოკუმენტის გასაჯაროებლად მზადაა.

ანგარიში მოსკოვის მიმართ ბრალდებებს სწავლობს, რომ ის 2016 წლის რეფერენდუმზე და 2017 წლის საყოველთაო არჩევნებზე შეეცადა გავლენის მოხდენას. 2016 წელს ბრიტანეთმა, რეფერენდუმით, ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა.

„ანგარიშის არარსებობოის პირობებში და გადადების გამო, ხმები და ეჭვები ვრცელდება“, - ამბობს ენდრიუ ფოქსალი, „ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ რუსეთის მიმართულების მკვლევარი.

არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ანგარიში რუსეთსა და მმართველ კონსერვატორებს შორის კავშირებზე საუბრობდეს, - ამბობს იან ბონდი, ევროპის რეფორმის ცენტრის მიმომხილველი. „ეს, ვფიქრობ აჩვენებს, რომ არის რაღაცა, რისიც მთავრობას რცხვენია საარჩევნო კონტექსტში. ვფიქრობ, ეს ჩვენი დემოკრატიისთვის ძალზედ საშიშია“, - თქვა მან.

კონსერვატორები უარყოფენ ბრალდებას, რომ მიგნებები მათთვის დამაზიანებელია. საგარო მინისტრმა, ქრისტოფერ პინჩერმა კანონმდებლებს გასულ კვირას განუცხადა, რომ სამხილი, რომ რუსეთი წარმატებით ეცადა საარჩევნო პროცესში ჩარევას, არ არსებობს. „არ არსებობს სამხილი, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი ან კრემლი წარმატებით შეეცადა ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარეულიყო“, - განაცხადა მან.

პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი უარყოფს რომ ანგარიში მის პარტიას რამენაირად ვნებს. ის აცხადებს, რომ ანგარიში 12 დეკემბერის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG