ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უდალცოვი ბრალდებას უარყოფს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი შეთქმულების საქმეს განიხილავს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ერთერთ ლიდერს სერგეი უდალცოვს მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების და სახალხო მღელვარების მცდელობაში დასდო ბრალი. უდალცოვი აცხადებს, რომ ბრალდება ყალბია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი არკვევდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მემარცხენე ფრონტის ლიდერი 35 წლის სერგეი უდალცოვი კრემლის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა. ის სატელევიზიო არხზე გასულ ფილმში ფარულად იყო გადაღებული, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან გივი თარგამაძესთან ერთად შეთქმულების გეგმებს იხილავდა.
უდალცოვის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებამდე, გასულ კვირას ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ლეონიდ რაზვოჟაევი. მან განაცხადა, რომ უკრაინაში დააპატიმრეს და მის მიერ გაცემული ჩვენება ზეწოლის და წამების შედეგი იყო. ადვოკატის განცხადებით, რაზვოჟაევმა მოგვიანებით საკუთარ ჩვენებაზე უარი განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერი სერგეი უდალცოვი აცხადებს, რომ რაზვოჟაევის საქმე სამარცხვინოა და ის დაფუძნებული იყო წამებაზე. უდალცოვის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმედი აქვს, რომ დაპატიმრების შემთხვევაში, საზოგადოება გულგრილი არ დარჩება, რასაც მასობრივი პროტესტი მოყვება.
პოლიციამ ასევე დააპატიმრა უდალცოვის თანაშემწე კონსტანტინ ლებედევი. თუმცა უდალცოვისგან განსხვავებით, ის ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით არ გამოუშვიათ. სამივე ეჭვმიტანილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უდალცოვი აცხადებს, რომ მას არ დაუგეგმავს უკანონო მასობრივი არეულობა, არამედ ის მშვიდობიანი პროტესტის მომხრე იყო.
გასულ თვეს, მილიარდერ და ოპოზიციური გაზეთების მფლობელ ალექსანდრ ლებედევს ასევე ბრალი დასდეს ხულიგნობაში, როდესაც მან სატელევიზიო ეთერის დროს ბიზნესმენ პოლონსკის მუშტი უთავაზა. ლებედევი დარწმუნებულია, რომ ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული შეთითხნილი საქმეა. როგორც ის ამბობს, პუტინი დარწმუნებულია, რომ ლებედევი ოპოზიციას აფინანსებს, რამაც მის წინააღმდეგ დევნა განაპირობა. ექსპერტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი პუტინი ასეთი მეთოდებით ოპოზიციის და საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას ცდილობს.
ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
XS
SM
MD
LG