ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთში უკმაყოფილო ხმაური მატულობს“


„რუსეთში უკმაყოფილო ხმაური მატულობს“

უცხოური პრესის დღევანდელ მიმოხილვაში სამ სტატიაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული მაშა ლიპმანის სტატია სათაურით „რუსეთში უკმაყოფილო ხმაური მატულობს“ რუსეთში ამ ბოლო დროს გამოკვეთილ უარყოფით სოციალურ ფონზე საუბრობს. ავტორი აცხადებს, რომ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე პრეზიდენტი დმიტრი მედვედევისა და პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინის რეიტინგმა მნიშვნელოვნად იკლო. ლევადა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, პუტინის რეიტინგმა 76 დან 69 პროცენტამდე დაიწია. მიუხედავად რეიტინგის კლებისა, ბევრი ქვეყნის ლიდერი ისურვებდა საზოგადოებიდან ამ სახის მხარდაჭერას. თუმცა სტატიის ავტორი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება აქტიურად არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად, რეიტინგის ცვლილება არ წარმოადგენს საზოგადოების მიერ პოლიტიკის შეფასებას.

კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია, რომელზეც ქალბატონი ლიპმანი საუბრობს რუსეთში არსებულ სოციალურ ფონს ეხება. საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია სოციალური უსამართლობითა და ბიუროკრატიული კორუფციით. ხალხში გამყარდა შეხედულება იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეები სამართლის ნორმებს არ ემორჩილებიან და დასჯის შიშის გარეშე, განუწყვეტლივ არღვევენ კანონს. ამის გამო, პირველად უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი კურსით ვითარდება, აღემატება საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანების რაოდენობას.

ავტორი ამბობს, რომ თუ რუსეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები არ დაიწყო საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების შეჩერება შეუძლებელი იქნება. ამ ეტაპზე, როცა ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს აღემატება, რუსეთის ხელისუფლებისთვის გაცილებით ადვილია საზოგადოებაზე კონტროლისა და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში სრული მონოპოლიის შენარჩუნება.

სტატიის ბოლოს ლიპმანი ორ პარალელს ავლებს და ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ეგვიპტესა და ტუნისის ლიდერების ხვედრი უნდა გაითვალისწინოს და დაუყოვენბლივ დაიწყოს რეფორმების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკმაყოფილება, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად ინტერნეტ ქსელზე იზრდება საზოგადოების დანარჩენ ნაწილზეც გავრცელდება. მეორე პარალელს ავტორი საბჭოთა კავშირის უკანასკნელ პრეზიდენტთან, მიხეილ გორბაჩოვთან ავლებს და აცხადებს, რომ მაშინაც კი, თუ მოსკოვმა რეფორმები დაიწყო, კრემლი მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას ეცდება. რუსეთს ჯერ ისევ მტკივნეულად ახსოვს როგორ მოადუნა კონტროლი გორბაჩოვმა და ამის გამო, როგორ დაკარგა არა მხოლოდ საკუთარი თანამდებობა, არამედ საკუთარი ქვეყნაც.

გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ ენდრიუ კრამერის მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „პოლონეთი და რუსეთი მემორიალის ტექსტზე დავობენ“ მოსკოვსა და ვარშავას შორის დავის ახალი თემა განიხილება. ერთი წლის წინ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად თავად პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი ანტურაჟის 95 წევრი დაიღუპა. ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე პოლონეთის მთავრობამ, რუსეთთან შეთანხმებით, თვითმფრინავის ავარიის ადგილზე მემორიალი აღმართა. მემორიალი დიდი ლოდი იყო, რომელსაც პოლპნურად ეწერა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი და მისი თანმხლები პირები მაშინ დაიღუპნენ, როცა ისინი კატინის ტყეში „საბჭოთა კავშირის მიერ პოლონელი სამხედრო ოფიცრების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერლისთვის“ პატივის მისაგებად მიდიოდნენ.

სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის ბრძანებით მემორიალიდან წარწერა მოხსნეს და რამდენიმე დღეში სხვა წარწერით შეცვალეს. ჟურნალისტებთან საუბრისას გუბერნატორმა სერგეი ანტუფიევმა მიზეზად ის დაასახელა, რომ პირველი წარწერა მხოლოდ პოლპნურ ენაზე იყო და მას რუსული თარგმანი არ ეხლდა. შემცვლელი წარწერა ორენოვანი იყო ერთი განსხვავებით, მასზე თავდაპირველი ტექსტ შემდეგი სიტყვებით იყო ჩანაცვლებული: „96 პოლონელის მემორიალი, რომლებიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად 2010 წლის 10 აპრილს სკოლენსკის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.“

რუსეთის მხარე უარს აცხადებს თავდაპირველი ტექსტის შენარჩუნებაზე და ამბობს, რომ ის ისე იყო შედგენილი, რომ თვითმფრინავის კატასტროფასა და კატინი ტყეში მომხდარ ტრაგედიას ერთმანეთს უკავშირებდა. ანტუფიევის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოდიში მოიხადეს საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, ხოლო კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაში კი რუსეთს დანაშაული არ მიუძღვის.

რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღაჩინოსნებს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრეზიდენტი მედვედევის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური განცხადების ტექსტსა და ფორმაზე მუშაობს.

უცხოური პრესის დღევანდელი მიმოხილვა კიდევ ერთ სტატიას გთავაზობთ, რომელიც დევიდ კრამერმა და სემ პატერნმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნეს სათაურით „ყაზახეთის ფიქტიური დემოკრატია.“ სტატიაში ნურსულტან ნაზარბაევის მორიგი გამარჯვებაა განხილული. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 95 პროცენი მოიპოვა და უკვე მე-20-ე წელია ქვეყნის პრეზიდენტობას ინარცუნებს.

სტატიაში ყაზახეთის ფიქტიური დემოკრატიაა შეფასებული და ნათქვამია, რომ ავტორიტარული რეჟიმები ხშირად დემოკრატიის უმნიშვნელო პრინციების გატარებას ცდილობენ საკუთარი მმართველობის ლეგიტიმაციის მიზნით. მაგალითად, ნაზარბაევმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი ყოფილიყო. არჩევნების დასრულების შემდეგ კი პროცესის დემოკრატიულობა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში გამართული არც ერთი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არ ჩატარებულა. დასავლეთში ისიც კი გაუკვირდათ, თუ რატომ გადაწყვიტა ნაზარბაევმა არჩევნების ერთი წლით ადრე გამართვა და რატომ განაცხადა ამ ცვლილების შესახებ არჩევნების თარიღამდე მხოლოდ 2 თივით ადრე.

სტატია ნაზარბაევის პოლიტიკურ საქმიანობას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ რეფორმების კურსის დაწყების გარეშე ქვეყანაში კონსტრუქციული ძვრები არ იქნება. ენერგო რესურსებით ვაჭრობა ყაზახეთის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს, თუმცა პოლიტიკური რეფორმების გარეშე ასეთი სტრატეგიის წარმართვა ხელისუფლებისთვის საბოლოო ჯამში არა-მომგებიანია. სტატიის თანახმად, სწორედ ასეთი დაუბალანსებელი პოლიტიკის შედეგი იყო ეგვიპტეშ მომხდარი რევოლუცია.

კრამერი და პატენი აცხადებენ, რომ ვიდრე ნაზარბაევი ქვეყნის სათავეში დარჩენას ფიქრობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკერთებს, ყაზახეთი დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმრთულებით ივლის.

XS
SM
MD
LG