ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უბერის" ახალი დირექტორი ირანელებისთვის წარმატების სიმბოლოა


“უბერს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ამ ფუნქციის შესრულებას დღეს დარა ხოსროუშაში შეუდგება.

ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ირანელი ამერიკელებისთვის ხოსროუშაშის დანიშვნას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმის ცოდნა, თუ ვინ იქნება 70 მილიარდ დოლარიანი კომპანიის მმართველი. ტაქსის სერვისის მომსახურების კომპანია მმართველს ივნისიდან მოყოლებული ეძებდა.

48 წლის ხოსროუშაში ირანელი ამერიკელია. თეირანში დაბადებული შეერთებულ შტატებში 9 წლის ასაკში ჩამოვიდა. “უბერის” დირექტორად მისი დანიშვნა ერთი მაგალითია იმისა, თუ რამხელა ადგილი უჭირავთ ტექნოლოგიების სფეროში ირანელ იმიგრანტებს.

“ტექნოლოგიებში ირანული მაფია 70 მილიარდით გაიზარდა,” იხუმრა ერთ-ერთმა ირანელმა ამერიკელმა ხოსროუშაშის დანიშვნის შემდეგ.

ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ირანელების ჩამონათვალში შედის პიერ ომიდიარი, საცალო გაყიდვების ონლაინ მაღაზიის eBay-ის დამფუძნებელი და ფალონ როზ ფატემი, რომელიც Google-ის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო.

ირანელი ამერიკელების საზოგადოებრივ საქმეთა ალიანსის დირექტორი ლეილა ოსტინი ამბობს, რომ ხოსროუშაშის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ირანელი იმიგრანტები ხშირად იმაზე წუხან, თუ როგორ აღიქვამენ მათ საზოგადოებაში.

ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ირანელების 80 პროცენტზე მეტს აწუხებს მზარდი დისკრიმინაცია, ეს მაჩვენებელი 2015 წლიდან ორჯერ გაიზარდა. გამოკითხულთა 56 პროცენტი კი ამბობს, რომ უშუალოდ გამოუცდია დისკრიმინაცია.

ხოსროუშაში აქამდე კომპანია Expedia-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელიც მომხმარებელს ავია-ბილეთებზე შეღავათიან ფასებს სთავაზობს.

წარსულში ხოსროუშაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანელებისთვის შეერთებულ შტატებში შემოსვლის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. თანამშრომლებისთვის იანვარში გაგზავნილ წერილში ხოსროუშაში თანამშრომლებს წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შეზღუდვები ამერიკას უფრო უსაფრთხოს არ გახდიდა, მაგრამ მას „უფრო პატარა, რეაქციულ ქვეყანად აქცევდა.“ წერილი გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ მოიპოვა და გაავრცელა.

ახალ კომპანიაში ხოსროუშაშის ბევრი გამოწვევა ელის, მათ შორის არის სექსუალური ძალადობის ბრალდებები „უბერის“ მძღოლების წინააღმდეგ და მწვავე კონკურენცია კომპანია Lyft-თან.

„ხოსროუშაშის ეს წარმატება განასახიერებს იმ ღირებულებას და წვლილს, რაც ირანელ ამერიკელებს ტექნოლოგიების განვითარებაში შეაქვთ,“ ამბობს ფირუზ ფარვარანდე, არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც ირანელ ამერიკელებზე მონაცემებს აგროვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG