ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუისვილში დემონსტრაციებზე ორი პოლიციელი დაჭრეს


ოთხშაბათს, გვიან ღამით, ქ. ლუისვილში, კენტუკის შტატში, საპროტესტო აქციების დროს ორი პოლიციელი დაჭრეს. დემონსტრანტები მარტში, პოლიციის მიერ მოკლული ბრეონა ტეილორის საქმეზე მსაჯულების გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ბრეონა ტეილორის ბინის რეიდში მონაწილე სამი თეთრკანიანი პოლიციელიდან ბრალი მისი სიკვდილის გამოწვევაში, არცერთს არ უნდა ედებოდეს. თუმცა, ერთ-ერთ პოლიციელს ბრეონას მეზობლებისთვის საფრთხის შექმნაში დასდეს ბრალი.

26 წლის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ბრეონა ტეილორი, რომელიც ექთნობას აპირებდა, პოლიციელებმა შეირაღებული მეგობარი მამაკაცის გვერდით, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციელები ბინაში იარაღის კონტრაბანდის ბრალდებასთან დაკავშირებული ჩხრეკის ორდერით შევიდნენ.

ბრეონას გარდაცვალება პოლიციის მხრიდან რასობრივი მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და მის ფოტოებსა თუ ბანერებს მას შემდეგ არაერთ საპროტესტო აქციაზე იყენებენ. მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ დემონსტრანტები კენტუკის უდიდესი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ შეძახილებით: "არცერთი სიცოცხლე არაა მნიშვნელოვანი მანამ, სანამ შავკანიანთა სიცოცხლე არ იქნება მნიშვნელოვანი".

დემონსტრაციის ძირითადი ნაწილი მშვიდობიანი იყო. საღამოს 9 საათზე ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა უნდა ამოქმედებულიყო. შეიარაღებულმა პოლიციამ ისინი ალყაში მოაქცია და დაშლისკენ მოუწოდა. პოლიციამ მათ დასაშლელად სხვადასხვა ქიმიური საშუალებაც გამოიყენა.

"როიტერის" ცნობით, ამის შემდეგ დემონსტრანტების მხრიდან იარაღის სროლის ხმა გაისმა. ლუისვილის პოლიციის უფროსის თქმით, დაჭრილია პოლიციის ორი ოფიცერი. ისინი სტაბილურ მდგომარეობაში არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.

იმავე დღეს, ამ ინციდენტამდე, პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ, ათამდე ადამიანი დააკავეს. სულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიციის ცნობით, 46 ადამიანია დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG