ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქი კრიმინალისტები საუდის არაბეთის საკონსულოში კიდევ ერთხელ შევიდნენ


თურქი გამომძიებლები, რომლებიც საუდის არაბეთელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეზე მუშაობენ, საუდის არაბეთის საკონსულოში კიდევ ერთხელ შევიდნენ. მათ ასევე გაჩხრიკეს საკონსულოს მიმდებარე დასახლება. კრიმინალისტები საკონსულოში ორშაბათსაც იმყოფებოდნენ და გაუჩინარებული ჟურნალისტის კვალს ეძებდნენ, რომელიც შენობაში 2 ოქტომბერს შევიდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთსა და თურქეთში იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს სიმართლის დადგენა. პომპეო ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტს ვიზიტის შედეგებს აცნობებს.

ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ნახოს ის აუდიო ან ვიდეო მასალა, მტკიცებულებები, რომლებიც ხაშოგის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, „თუ ის არსებობს“. მანამდე მან არაერთხელ გაანცხადა, რომ საუდის არაბეთი ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ტრამპი ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ამ კვირის ბოლომდე დასრულდება.

ხაშოგი საუდის არაბეთის მონარქიის აქტიური კრიტიკოსი იყო და ბოლო დროს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ წერდა. ის საკონსულოში შესვლის შემდეგ არავის უნახავს.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. თუმცა საკონსულოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან შენობა დატოვა. თუმცა არც ერთ ქვეყანას ჯერ საკუთარი შეფასების მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG