ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი მოსკოვში ჩადის


თურქეთი სირიის საკითხში მოსკოვის დარწმუნებას ცდილობს

დღეს რუსეთის დედაქალაქში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იწყება. ორი ქვეყნის ლიდერების მთავარი განსახილველი საკითხი სირიაში შექმნილი ვითარებაა. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

სირიის კრიზისი მოსკოვში ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტის მთავარი თემაა. ერდოღანმა უკვე დიდი ხანია თავის სირიელ მოკავშირეს ზურგი აქცია. ანკარა ასადის გადადგომას ითხოვს. მისგან განსხვავებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი სირიის მთავრობის დაცვას განაგრძობს.

„ერდოღანის მიზანი პირველ რიგში რუსეთის პოზიციის შეფასებაა. ასევე ის შეეცდება გაიგოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მოსკოვისთვის პოზიციის შეცვლა სირიასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ანალიტიკოსი შინან ულგენი.

სემი იდიზი თურქულ გაზეთ „მილიეთში“ საგარეო პოლიტიკის მიმომხილველია. ის მოსკოვში ერდოღანის ვიზიტს სკეპტიკურად აფასებს.

„ვფიქრობ, ერთადერთი რისი მიღწევაც შეიძლება, ეს არის თურქულ-რუსულ ურთიერთობებში პოზიტიური ენერგიის შექმნა, როგორც სირიის, ასევე მთლინად ახლო აღმოსავლეთის საკითხში,“ - ამბობს იდიზი.
მოსკოვი და ანკარა ისტორიული მეტოქეები არიან. თუმცა, ბოლო წლებში სავაჭრო და ენერგეტიკულ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჯუკ უნალი ამბობს, სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე არ აისახება.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი იდიზი ამბობს, რუსულ-თურქულ ურთიერთობებში და არსებული დაძაბულობის მოხსნაში დიდ როლს ასრულებს ლიდერებს შორის არსებული ურთიერთგაგება.

„ორივე ლიდერს ერთმანეთთან თბილი ურთიერთობის იმიჯი აქვს შექმნილი. და ეს გარკვეულ ეტაპამდე გაგრძელდება. ორივე ავტორიტარული სტილის და ქარიზმატული პიროვნებაა. ორივეს უყვარს მაგიდაზე მუშტის ბრახუნი. ვფიქრობ ეს პიროვნული მომენტია, რადგანაც ორივე ლიდერს საერთო გაგება გააჩნია,“ - ამბობს იდიზი.

ამის მიუხედავად, იდიზის თქმით, ორივე მათგანს განსხვავებული მიდგომები აქვს განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის საკითხში. რუსეთი სომხეთის, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირეა. მიუხედავად ამისა, იდიზი ამბობს, რომ ორივე ლიდერი დაძაბულობის შენელების მომხრეა.

ამ კვირაში რუსეთმა ნათლად განაცხადა, რომ ის ასადის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს. ასევე მოსკოვის განცხადებით, ასადისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი არ განიხილება. ამდენად, როგორც პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, მოსკოვში ერდოღანის ვიზიტი სირიასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას ვერ შეცვლის. თუმცა, ორი ქვეყნის ურთიერთობებს სირიის საკითხი ვერ გააუარესებს.
XS
SM
MD
LG