ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის „კონსერვატიული დემოკრატიის“ გეგმა


თურქეთის პრემიერ მინისტრს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანების კერძო ცხოვრებაში ჩარევაში

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00
ბმული

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავისი მოწოდებით, აეკრძალათ შერეული სქესის სტუდენტთა ერთობლივი საცხოვრებლები, ქვეყანაში პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია

ერდოღანი ამბობს, რომ თანაცხოვრება მიუღებელია და მთავრობამ უკვე აკრძალა შერეული სქესის სტუდენტთა ერთობლივი განთავსება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საერთო საცხოვრებლებში.

ერდოღანს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანების კერძო ცხოვრებაში ჩარევაში, რაც გამოიხატა მისი რჩევით ქალების მისამართით, თუ რამდენი შვილი უნდა ჰყოლოდათ აბორტამდე.

სტუდენტი, რომელიც თავის მეგობარ ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი რელიგიური პროგრამის ნაწილია:

„მათ არ სურთ კაცების და ქალების ერთად ცხოვრება, რადგან ისინი ისლამურ პარტიას წარმოადგენენ. ასეთი რამ თურქეთში ყოველთვის ხდება და ის ყოველთვის ქალებს და მათ სხეულებს ეხება. მე არ მგონია, რომ ეს კაცების გამო ხდება. ეს მხოლოდ ქალებს და ქალების ცხოვრებას შეეხება.“

ერდოღანი, რომლის პარტიასაც ფესვები ისლამისტურ პოლიტიკაში აქვს,
უარყოფს რელიგიურ მიზეზებს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯები შეშფოთებული მშობლების განცხადებების საპასუხოდ გადაიდგა.

პრემიერის ათწლიანი მმართველობის განმავლობაში, მას ბევრჯერ ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ძირს უთხრიდა 90 წლიან არარელიგიურ სახელმწიფოებრიობას, თუმცა ის მუდამ გადაჭრით უარყოფდა ამ ბრალდებას.

აიფე ბართუ, სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორია. ის ამბობს, რომ ბოლო ქმედება ქმნის იმის საშიშროებას, რომ ხელმეორედ დაიწყოს დებატები მისი მთავრობის გეგმების შესახებ:

„არარელიგიური სახელმწიფოს მომხრეთათვის, მათი პირველივე გამოხმაურება არის: „ეს არის მისი ნამდვილი სახე, ეს იყო მისი ნამდვილი გეგმა და ახლა ეს საჯაროდ გამოაქვს.“

დამკვირვებლების თქმით, ეს უკანასკნელი საკამათო თემა გამოჩნდა სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა პოლიტიკური თანხმობა უაღრესად საკამათო საკითხზე: გაეუქმებინათ პარლამენტში ქალი პარლამენტარების მიერ რელიგიური თავსაბურავის ტარების აკრძალვა.

მთავარი ოპოზიციური პარტია: სახალხო-რესპუბლიკური პარტია, მუსტაფა ქემალ ათათურქის პარტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არარელიგიურ რესპუბლიკას, ბრალს სდებს პრემიერ მინისტრს იმაში, რომ ის ცდილობს კონფლიქტის განახლებას სამოქალაქო და რელიგიური მიმდინარეობის ჯგუფებს შორის 18 თვიანი საარჩევნო ციკლის წინ, რაც 2015 წელს საერთო არჩევნებით დასრულდება. ბატონი ერდოღანი ირწმუნება, რომ ის მიჰყვება „კონსერვატიული დემოკრატიის“ გეგმას.

პინარ იკარაცანი, თურქული ორგანიზაცია: „ქალები, ქალების ადამიანის უფლებებისათვის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ბოლო ნაბიჯი იმ გეგმის ნაწილია, რაც ქალების კონტროლისკენ არის მიმართული.

„მათი კონსერვატიზმის მთავარი ღერძია ქალების სხეულების სექსუალურობის კონტროლი და ამას ახლა ახალგაზრდების ცხოვრების კონტროლიც დაემატა, განსაკუთრებით კი გოგონების. იმიტომ, რომ ის მათ პირდაპირი მნიშვნელობით ბრალს სდებს ამორალურობაში. მან წარმოთქვა სიტყვა: „ამორალური“. ეს ის ქვეყანაა სადაც დანაშაულები ხდება „შელახული ღირსების აღსადგენად“, სადაც გოგონები შეიძლება მოკლან ღირსების გამო.

პრემიერი მისმა ზოგიერთმა მომხრემაც გააკრიტიკა, რაც იშვიათი შემთხვევაა.

ვიცე-პრემიერმა ბულენტ არინკმა სცადა საკამათო საკითხის მნიშვნელობის შემცირება და განაცხადა, რომ ის მთავრობის დღის წესრიგში არ იდგა. მაგრამ მისი კომენტარი დაგმო ერდოღანმა, რომელმაც დაჟინებით გაიმეორა, რომ საკითხი დღის წესრიგში იდგა. ქვეყნის მძლავრ პრო-ისლამურ მედიაშიც ზოგიერთმა გავლენიანმა მიმომხილველმა ეს ნაბიჯი კითხვის ქვეშ დააყენა.

სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ არ არსებობს ისეთი კანონი, რომლის საფუძველზეც შეიძლება სტუდენტების ერთობლივი ცხოვრების აკრძალვის ცხოვრებაში გატარება. მაგრამ ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დაიწყო სტუდენტების სახოვრებლებში შეჭრა.

კანონის შემოღებასთან ერთად, ერდოღანი ფიქრობს მოუწოდოს მეზობლებს, რათა სტუდენტები დაასმინონ. სოციოლოგი ბარტუ კანდანი ამბობს, რომ ასეთი განცხადებები კიდევ უფრო დაამძიმებს თურქულ საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას.

„ჩვენ ვგებულობდით სახლის პატრონების და მეზობლების შესახებ, რომლებიც უჩიოდნენ და ემუქრებოდნენ ამ სტუდენტებს. ახლა კი მათ მიეცემათ მეტი გამბედაობა და ალბათ, რასაც მე ვშიშობ, იურიდიული საფუძველი ნებისმიერი ჩარევის გასამართლებლად. ეს კი, ჩემის აზრით, ყველაზე მეტად არის შიშისმომგვრელი.“

ევროკავშირმა შეშფოთება განცხადებებით გამოხატა, რომლებშიც ამბობს, რომ მთავრობებს უფლება არ აქვთ ჩაერიონ ზრდასრული ადამიანების ცხოვრების წესში. ასეთი კრიტიკის მიუხედავად, თურქეთის პრემიერ მინისტრი უკან დახევის ნიშნებს არ ამჟღავნებს.
XS
SM
MD
LG