ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ირანს უახლოვდება


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული და ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი
თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული და ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთი ირანთან ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას აპირებს.

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა ირანში სამ-დღიანი ვიზიტი დაიწყო, რომლის დანიშნულებაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა. თეირანისა და ანკარას დაახლოება დასავლეთში თურქეთის პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ირანის ეკონომიკურ იზოლირებას ცდილობენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან გვატყობინებს.

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული თეირანში 100-მდე თურქ ბიზნესმენთან ერთად ჩავიდა. ეს ვიზიტი თებერვლის დასაწყისში გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებაა. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო მიმოქცევას 2015 წლამდე 30 მილიარდამდე გაზრდიდნენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბურაკ ოზგერგინი ამბობს, რომ თურქეთსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია:

„ირანელებს თანამშრომლობისკენ რომ მოვუწოდოთ, მათ სანქციებით კი არ უნდა დავემუქროთ, არამედ პარტნიორობა უნდა შევთავაზოთ. ჩვენ ის გვაშფოთებს, რომ ირანში დასავლეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არსებობს.“

ბატონი გულის თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. თურქეთი კი კვლავ გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ანკარა მედიატორის როლის შესრულებასაც ცდილობს. თუმცა ევროპელი დიპლომატები ამ ნაბიჯს არ მიესალმებიან.

იანვარში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მორიგი შეხვედრა ჩაიშალა მხარეებს შორის უთანხმოების გამო. ამ ფონზე, თურქეთის პრეზიდენტის თეირანში ვიზიტი იმაზე მიანიშნებს, რომ ანკარას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან შედარებით უკიდურესად განსხვავებული პოზიცია აქვს ირანთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, ზედმეტი თავდაჯერებულობა ძალიან ცუდი მრჩეველია, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობებში. თურქთი ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ ცალკე აღებული თურქეთი ბევრს არაფერს წარმოადგენს. ისევე როგორც საფრანგეთი და გერმანია, თურქეთიც საშუალო სიძლიერის ქვეყანაა, რომლის მნიშვნელობა არ უნდა გაზვიადდეს. მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ 21-ე საუკუნე თანამშრომლობის საუკუნეა,“ აცხადებს საერთაშორისო ურთიერთოებების ექსპერტი ჩენგიზ აკტარი.

ევროკავშირსა და ამერიკასთან ახლო პარტნიორული ურთიერთოებების მიუხედავად თურქეთმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მხოლოდ გაეროს სანქციებს დაემორჩილება. ამის გამო, ამერიკაში რამდენიმე თურქულ კომპანიას ანგარიშები გაუყინეს ირანის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის მიზეზით. მიუხედავად ამერიკის მხრიდან მსგავსი მუქარისა, თურქეთის პრემიერ მინისრტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლიტიკას არ შეცვლის და ირანთან არსებულ დამოკიდებულებას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG