ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთებმა თურქეთში შიმშილობა გამოაცხადეს


ისინი სასამართლოებსა და სკოლებში ქურთული ენის შემოღებას მოითხოვენ

უკვე 60 დღეა, რაც 700-მდე ქურთი აქტივისტი შიმშილობს და მხოლოდ ვიტამინებით გაჯერებულ შაქრიან და მარილიან წყალს სვავს. ისინი სასამართლოებსა და სკოლებში ქურთული ენის შემოღებას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ქურთი მეამბოხეების ლიდერთან, აბდულა ოჯალანთან ადვოკატების თავისუფალი დაშვებაა.

თურქეთის სამედიცინო ასოციაცია შეშფოთებას გამოხატავს მოშიმშილეთა მდგომარეობის გამო და არ გამორიცხავს შიმშილობის ფატალურად დასრულებას.

როგორც პრო-ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის წევრი, თურქეთის პარლამენტის დეპუტატი ერთუღრულ კურკუ აცხადებს, „ახლა ყველაფერი ჩვენი პარტიის ლიდერებსა და იუსტიციის მინისტრის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, რომელშიც პრეზიდენტიც ჩაერთვება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ბულენთ არიკის განცხადებით, მთავრობა მზად არის მოშიმშილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მისი თქმით: „პრემიერ-მინისტრი თანახმაა, ხალხმა სასამართლოში მშობლიურ ენაზე დაიცვას თავი და ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი სპეციალურ კანონზე მუშაობს.“

ეს განცხადება თურქული მედიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში პრემიერ მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ყურადღებას არ აქცევდა საპროტესტო აქციას. თუმცა, ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, როგორც ჩანს მისი პოზიცია შეიცვალა.

როგორც დეპუტატი კურკუ ამბობს: „ამ ხალხმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და უკან დახევას არ აპირებს. მათ არაადამიანურ წამებას გაუძლეს და უკვე 14 წლის განმავლობაში იმყოფებიან საპატიმროში. მე ერთი კაცი ვნახე, რომელიც 32 წელია ციხეში ზის. ეს ხალხი უბრალოდ არაფერს ამბობს.“

პატიმრების დაღუპვის საშიშროებასთან ერთად იზრდება ევროკავშირის ზეწოლა თურქეთზე, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს.

პოლიტოლოგი ცენგიზ აქტარი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი: „იუსტიციის მინისტრი ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს, მაგრამ პრემიერ მინისტრი ცეცხლზე ნავთის დასხმით არის დაკავებული, რაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროებას ზრდის.“

ასეთ ფონზე კიდევ უფრო ძლიერდება დაპირისპირება ქურთ მეამბოხეებსა და თურქეთის მთავრობას შორის.
XS
SM
MD
LG