ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ოპოზიციონერი მერი და 200-მდე ადამიანი დააკავეს


თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ეგეოსის ზღვის სანაპირო ქალაქ ურლას მერი ბურაკ ოგუზი დააკავა. მას ბრალად ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო ლიდერთან ფეტულა გულენთან კავშირი და 2016 წლის ამბოხის მცდელობასთან კავშირი ედება.

სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, პოლიციის სხვადასხვა ოპერაციული ქმედების შედეგად სულ 200-მდე ადამიანია დაკავებული. ქალაქის მერი კი ორშაბათს გვიან ღამით დააკავეს. მან მარტში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და პირველი მერია ოპოზიციური პარტიიდან, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებული პრალდებით დააკავეს. აქამდე თურქეთში 14-მდე სხვა მერი იყო დაკავებული, მათ ქურთებთან კავშირი ედებოდათ ბრალად, პრო-ქურთულ მოძრაობასა და პარტიას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს.

გარდა ამისა, დაახლოებით 171 სხვა პირი დააკავეს სტამბოლში ჩატარებული რეიდებისასაც ასევე გულენთან კავშირის ბრალდებით. ხელისუფლება მათ იმ საკომუნიკაციო აპლიკაციის გამოყენებაში სდებს ბრალს, რომელიც მისი მტკიცებით, 2016 წლის ამბოხის მცდელობისას მისი ორგანიზატორების მიერ ერთმანეთთან დასაკავშირებლად და შეთქმულების მოსაწყობად გამოიყენებოდა.

ამავე დროს, გაცემულია დაპატიმრების 18 ორდერი ჯანდაცვის სამინსიტროს თანამშრომლების მიმართ, მათგან 10 ექიმია.

2016 წლის ივლისში, თურქეთის სამხედრო ძალების რამდენიმე ოფიცერი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლების დამხობას გადატრიალების გზით ცდილობდა. ამ პროცესში 250 ადამიანი დაიღუპა და 2 000 დაშავდა. ამის შემდეგ კი დაახლოებით 77 000 ადამიანი დააკავეს. 130 000-მა კი მათ შორის სამხედრო პერსონალმა საჯარო სამსახური დაკარგა. გულენი, რომელიც 1999 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამბოხის მცდელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. თუმცა თურქეთში მასთან კავშირში ეჭვმიტანილი ადამიანების დაპატიმრება გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG