ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთების მონაწილეობა თურქეთის არჩევნებში დაძაბულობას იწვევს


ქურთების მონაწილეობა თურქეთის არჩევნებში დაძაბულობას იწვევს
ქურთების მონაწილეობა თურქეთის არჩევნებში დაძაბულობას იწვევს

თურქეთის საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭო ივნისში დაგეგმილ საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებში 12 დამოუკიდებელი კანდიდატის მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხელახლად იხილავს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კანდიდატებს ქურთების მომხრე მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია მხარს უჭერს. როცა სამეთვალყურეო საბჭომ 12 დამოუკიდებელ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, იუწყება სტამბოლიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი.

თურქეთის უზენაესმა საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭომ განაცხადა, რომ ხელახლა განიხილავს წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქურთების მხარდამჭერი მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის 12 დამოუკიდებელ კანდიდატს 12 ინვისს დანიშნულ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ კანდიდატები დამოუკიდებლად დარეგისტრირდნენ სამართლებრივი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით. სამართლებრივი შეზღუდვის თანახმად იმისათვის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში ადგილები მოიპოვოს, აუცილებელია, რომ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების სულ ცოტა 10 პროცენტი მიიღოს. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, 10-პროცენტიან ბარიერს საკანონმდებლო ორგანოში ქურთების წარმომადგენლობის შექმნის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ბევრი დემონსტრანტი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას ქურთების წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანტი-დემოკრატიულ ზომად აღიქვამს.

სტამბოლში გამართულ პრო-ქურთულ დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტი აღნიშნავს, რომ ქურთებს წარმომადგენლების არჩევის ფუნდამენტურ უფლებას ართმევენ. აქტივისტის თქმით, ქურთებს ქვეყნის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლების არჩევას ხელს უშლიან.

სტამბოლში გამართული დემონსტრაცია, ისევე როგორც თურქეთის სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციები, პოლიციასთან შეტაკებით დამთავრდა. ყველაზე ინტენსიური შეტაკებები თურქეთის ქურთებით დასახლებულ სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებში მოხდა. ქურთების ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თქმით, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთი რეგიონი თურქეთის მთავრობასა და ქურთების მუშათა პარტიას შორის 27-წლიანი კონფლიქტის ეპიცენტრს წარმოადგენს.

თურქეთის საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭომ არჩევნებში ქურთების მომხრე კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა მათ შესახებ არსებული კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციით დაასაბუთა. აღსანიშნავია, რომ 12 დამოუკიდებელი კანდიდატი ქვეყნის ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის თანახმად დამნაშავედ სცნეს. თუმცა ორ მათგანს ადრე პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, საბაჰატ ტუნჩელის ჩათვლით. ტუნჩელი აღნიშნავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაწესებული აკრძალვა პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება.

ტუნჩელის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა დემოკრატიული პროცესებისგან ქურთების გათიშვის მცდელობას წარმოადგენს, რასაც ქურთული საზოგადოების მხრიდან, გასაგები მიზეზების გამო, საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სამეთვალყურეო საბჭოს აკრძალვის გარდა, პრო-ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის წინააღმდეგ ამ ბოლო ხანებში რამდენიმე სამართლებრივი ზომა მიიღეს. ასე, პარტიის დაახლოებით 2,000 წევრი ამჟამად დროებით პატიმრობაში იმყოფება და მათ ქურთების მუშათა პარტიის მხარდაჭერა ედება ბრალად.

პრო-ქურთული გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატიამ საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ომის გამოცხადებას შეადარა. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დაუყოვნებლივი გაწვევის მოთხოვნა გაისმა. ხოლო პარლამენტის სპიკერმა საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება დაგმო. სამეთვალყურეო საბჭოზე ზეწოლა იზრდება რათა საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილებას გადახედონ. მიმომხილველები კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი იმ გზაჯვარედინს უახლოვდება, რომლის შემდეგაც ქვეყანას მშვიდობა ან ომი ელის.

XS
SM
MD
LG